ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ თქვა, რომ ევროკავშირმა ერთობლივი თავდაცვის სისტემის შესაქმნელად ძალისხმევა უნდა გააძლიეროს, რათა შესაძლო აგრესია შეაკავოს.
ამის შესახებ კოშტამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
კოშტამ აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერების შეხვედრამდე NATO-ში შემავალი EU-ს 23 წევრი სახელმწიფო თავდაცვის ხარჯების ზრდაზე შეთანხმდა და ხაზი გაუსვა, რომ არ არის საჭირო, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თანაბარი სამხედრო შესაძლებლობები ჰქონდეთ, არამედ ეფექტიანობა და "ტვირთის სამართლიანი განაწილება" არის მნიშვნელოვანი.
"გუშინ NATO-ში ევროკავშირის 23-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ მეტი დახარჯოს [თავდაცვაზე]. დღეს ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორ დავხარჯოთ უკეთესად, ინვესტიციები ერთობლივად ჩავდოთ, უფრო რაციონალურად, უფრო ეფექტიანად, როგორც ერთმა გუნდმა, მოთხოვნათა შეერთებით, ერთობლივი შესყიდვებით, სტანდარტიზაციითა და გამარტივებით. [...] არ გვჭირდება, რომ ყოველ წევრ სახელმწიფოში ერთი და იგივე შესაძლებლობები ზუსტად გავიმეოროთ, არ გვჭირდება, რომ ყველა ჩვენგანის ინვესტიცია თავდაცვაში 23-ჯერ გავზარდოთ, ჩვენ ეფექტიანობა და ტვირთის სამართლიანი განაწილება გვჭირდება. გვჭირდება, რომ ერთობლივი ევროპული თავდაცვის სისტემა შევქმნათ, რომელიც აგრესიას შეაკავებს". - თქვა კოშტამ.
კოშტამ დაამატა, რომ ევროკავშირი საამისოდ დოკუმენტების პირველი ნაკრების გაფორმება უკვე დაწყებული აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა SAFE-ის ფარგლებში ერთობლივი ინვესტიციები, სტაბილურობისა და უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში თავდაცვითი მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ინვესტიციის ზრდა და ევროპული საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით კერძო ინვესტიციების ზრდა ახსენა.
ამ ამოცანების შესასრულებლად ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას ოქტომბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისთვის სამოქმედო გეგმის შედგენა დაავალა.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს ევროკავშირის საბჭომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი შესყიდვების მექანიზმის, ევროპისთვის უსაფრთხოების ქმედების (SAFE) შექმნას მხარი დაუჭირა, რომელიც ძალაში 29 მაისს შევიდა.
პროგრამა თავდაცვის სფეროში საერთო შესყიდვებისთვის 150 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამ თანხიდან თავდაცვის სფეროს გაძლიერებით დაინტერესებულ ქვეყნებს შესყიდვები გრძელვადიანი სესხის სახით დაუფინანსდებათ.





