ივანიშვილის მთავრობა კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს სრულად აუკრძალავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ილაპარაკა და პარლამენტს მიმართა, საკაონონმდებლო ცვლილებები მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს. მისი თქმით, კერძო სუბიექტებს აქვთ ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ და არავის მისცემენ საშუალებას, "ნარკოტიკული საშუალების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს".
"ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსოქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით, ბენზოდიაზეპინების მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები, შესაბამისად, მათ აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ.
იმისთვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.
გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას და მისი არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა.
ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკაონონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს. ჩვენ მიერ მომზადებული საკაონონმდებლო ცვლილებები სწორედ ამგვარი პრაქტიკის აღკვეთას ისახავს მიზნად.
მინდა ვთხოვო პარლამენტს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს. კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად" - თქვა კობახიძემ.
კითხვაზე, ცვლილებების შემდეგ როგორ იყიდის მოქალაქე საჭირო მედიკამენტს, ივანიშვილის პრემიერი პასუხობს, რომ ინიციატივა უკავშირდება მხოლოდ იმპორტს.
"ანუ კერძო სუბიექტების მიერ იმპორტი აიკრძალება, რაც შეეხება რეცეპტის გამოწერას, როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება, ექიმები იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი და მათ შორის, კერძო კლინიკებიც იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი.
რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, ვიცით, რომ ეს ქსელი არის კერძო და კერო ქსელის მიერ მოხდება რეალიზაცია, უბრალოდ აქ მთავარი რა არის - იმპორტი აიკრძალება კერძო სუბიექტის მიერ. როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტული კეძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია, ეს თუ ჩაიკეტება, ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება მათ შორის ფიქოტროპული აფთიაქების კონტროლი, რეცეპტის გამოწერის კონტროლი. რა თქმა უნდა, კონტროლის აუცილებლობა დარჩება, აქტუალური იქნება კვლავაც, მაგრამ გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა, არსებითად გამარტივდება, როდესაც იმპორტიორს არ ექნება იმის ინტერესი, რომ გაზარდოს საკუთარი კომერციული მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე" - ამბობს ირაკლი კობახიძე.
გარდა ამისა, ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, კერძო სუბიექტებისთვის ნარკოდამოკიდებულებისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაც აიკრძალება. პროგრამებს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები უზრუნველყოფენ.





