ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს რუსეთს ისრაელისა და აშშ-ს ქმედებების დაგმობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე მტკიცებით, "რუსეთი დღეს ისტორიისა და საერთაშორისო სამართლის სწორ მხარეს დგას".
ამასთან, არაღჩი ირწმუნება, რომ ისრაელისა და აშშ-ს ქმედებები არალეგიტიმურია, ხოლო ირანის მხრიდან "თავდაცვა" ლეგიტიმურია.
"ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან ეს აგრესიული ქმედებები არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ამჟამად ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ და ამ მხრივ ჩვენი თავდაცვა ლეგიტიმურია. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ რუსეთის ფედერაციას იმისთვის, რომ ეს ქმედებები მტკიცედ დაგმეს. რუსეთი დღეს ისტორიისა და საერთაშორისო სამართლის სწორ მხარეს დგას. ირანის უზენაესმა ლიდერმა და ირანის პრეზიდენტმა, ბატონმა ფეზეშქიანმა თქვენთვის საუკეთესო სურვილების გადმოცემა მთხოვეს. ვიმედოვნებ, რომ დღეს ამ მოვლენასთან დაკავშირებით საკითხების მთლიანი სპექტრის განხილვა შეგვეძლება". - თქვა არაღჩიმ.
ამავე შეხვედრაზე ცოტა ხნით ადრე პუტინმა აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაზე თქვა, რომ "არანაირი გამართლება არ აქვს" და "აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიაა".
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.
ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის
მანამდე, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.





