სირია

დამასკოში ეკლესიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 63

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამასკოში მდებარე ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერძნულ ეკლესიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 63.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული, თუმცა თავად ტერორისტულ ორგანიზაციას ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ტერაქტს ანტიოქიის საპატრიარქო გამოეხმაურა.

"ბოროტების მუხანათურმა ხელმა წაგვართვა ჩვენი საყვარელი მორწმუნეების ძვირფასი სიცოცხლეები, რომლებიც საღმრთო ლიტურგიის დროს მოწამებრივად დაიღუპნენ". - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, აფეთქება ეკლესიის შესასვლელში მოხდა, რის შედეგადაც როგორც ეკლესიაში, ისე მახლობლად მყოფი ადამიანები დაიღუპნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ, ისინი მოუწოდებენ სირიის ხელისუფლებას "აიღოს სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა და კვლავაც ხდება ეკლესიების სიწმინდის დარღვევის თვალსაზრისით და უზრუნველყოს ყველა მოქალაქის დაცვა".

შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ხატაბის თქმით, უწყების სპეციალური ჯგუფი ამ "საზარელი დანაშაულის" გამოძიებას ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, "ამგვარი ტერორისტული ქმედებები ვერ შეაჩერებს სირიის სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევას".

დამასკოს დუეილას უბანში მდებარე ელიას ეკლესიაში ტერაქტი 22 ივნისს მოხდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ქამარი ააფეთქა.

კომენტარები