სირია

კრემლმა სირიის ქამიშლის აეროპორტის დაცლა დაიწყო, სადაც რუსული ძალები 2019 წლიდან იყვნენ

Shafaq News

ისრაელური ტელეარხის, i24NEWS-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქამიშლის აეროპორტის დატოვება დაიწყეს.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთს ავიაგამანადგურებლები, ვერტმფრენები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, სატრანსპორტო თვითმფრინავის მეშვეობით, სავარაუდოდ, ლატაკიაში მდებარე ხმეიმიმის ავიაბაზაზე გადააქვს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მთავარ ბაზად რჩება.

რუსეთმა ქამიშლის აეროპორტში სამხედრო ძალების განლაგება 2019 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის გავლენა დასუსტდა, რის გამოც კრემლი იძულებული გახდა, ახალ მთავრობასთან სირიაში ბაზების შენარჩუნების მიზნით მოლაპარაკებები გაემართა. 

გასული წლის ოქტომბერში სირიის ახალი ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა მოსკოვშიც ჩავიდა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ხმეიმიმსა და ტარტუსში რუსული ბაზების საკითხი განიხილა. 

რუსეთი ლატაკიის სიახლოვეს ხმეიმიმის ავიაბაზასა და ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კონტროლს ფორმალურად კვლავ ინარჩუნებს, თუმცა, ასადის დამხობის შემდეგ მათი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 

სირიული გამოცემა Shafaq-ის მიხედვით, კრემლმა ქამიშლის აეროპორტიდან სამხედრო ძალების ევაკუაცია 23 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სირიის ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ობიექტი რუსული ძალებისგან უნდა დაცლილიყო.

გამოცემის ცნობით, რუსეთს სამხედროები და აღჭურვილობა ხმეიმიმის ავიაბაზაზე გადაჰყავს და ქამიშლის აეროპორტს სრულად ცლის. 

კომენტარები