სირია

ჰეზბოლას განიარაღების საკითხში სირიის პრეზიდენტმა ლიბანს მხარდაჭერა გამოუცხადა

სირიის ახალი რეჟიმის ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა

სირიული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაპრეზიდენტებულმა აჰმედ ალ-შარაამ ლიბანელ კოლეგას ჯოზეფ აუნს მხარდაჭერა გამოუცხადა ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის განიარაღების საკითხში.

"ჩვენ ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის გვერდით ვდგავართ ჰეზბოლას განიარაღების საკითხში," განაცხადა ალ-შარაამ ევროპელ მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ ვიდეო კონფერენციაზე.

"წინასწარი ზომების სახით ჩვენ გავაძლიერეთ თავდაცვის ძალები საზღვრის გასწვრივ, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შედეგების სირიის ტერიტორიაზე გავრცელება და ასევე იმისთვის, რომ შევებრძოლოთ საზღვრის გადაღმა არსებულ ორგანიზაციებს და ხელი შევუშალოთ მათ სირიის ტერიტორიის გამოყენებაში." - დაამატა მან. 

მანამდე ლიბანის პრეზიდენტმა ჰეზბოლას ბრალი დასდო ქვეყნის ხელისუფლების "ჩამოშლის" მცდელობაში მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ცნობისთვის, 2 მარტს ლიბანის მთავრობამ საკუთარ ტერიტორიაზე პროირანული ჰეზბოლას სამხედრო აქტიურობა აკრძალა.გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნავაფ სალამიმ გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ისრაელზე იერიშები მიიტანა.

2008 წელს, როცა ლიბანის მთავრობამ ჰეზბოლას ტელეკომუნიკაციების ქსელის აკრძალვა სცადა, დაძაბულობა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა. ჰეზბოლას წევრებმა მაშინ ბეირუთის ნაწილებიც კი დაიკავეს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს, ფაქტობრივად, აკონტროლებს.

ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის თქმით, ჰეზბოლას სამხედრო აქტიურობის აკრძალვა არის "სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილება".

კომენტარები