დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

რუსეთის საგარეო: კატეგორიულად ვგმობთ აშშ-ს თავდასხმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე

რუსეთის საგარეო სამინისტროს შენობა
RBC

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული ძალების თავდასხმებს მკაცრად გმობს.

"რუსეთი კატეგორიულად გმობს 22 ივნისის გამთენიისას ირანის რიგ ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს მიერ მიტანილ იერიშებს, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკაზე ისრაელის თავდასხმებს მოჰყვა" - წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიუხედავად აშშ-ს მიერ მოყვანილი არგუმენტებისა "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება - მიიტანო სარაკეტო-ბომბდამშენი იერიში სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე - საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეშ დარღვევას წარმოადგენს".

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს აშშ-ს იერიშების დაგმობისკენ მოუწოდებს.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებას უჭერს მხარს.


დღეს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანში არსებულ სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა და ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.

მოგვიანებით, ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების განსახილველად საგანგებო შეხვედრა გამართოს.

 

კომენტარები