ირანი

ირანი აშშ-ს იერიშის დასაგმობად UN-ის უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის მოწვევას ითხოვს

ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების განსახილველად საგანგებო შეხვედრა გამართოს.

TASS იუწყება, რომ ამის შესახებ გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლის, ამირ საიდ ირავანის წერილშია ნათქვამი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს გაეგზავნა.

"აშშ-ს ველური და კრიმინალური ქმედებების საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე სერიოზული და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაჟინებით მოითხოვს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარებას ამ აშკარა და უკანონო აგრესიის აქტის განსახილველად" - ნათქვამია წერილში.

გარდა ამისა, ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს შეხვედრა აუცილებელია "იმისათვის, რომ [გაერომ] ყველაზე მკაცრი ფორმით დაგმოს აღნიშნული ქმედებები და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რაც გათვალისწინებულია გაეროს წესდებით, რათა ასეთი საზარელი დანაშაულების ჩამდენმა სრულად აგოს პასუხი და არ დარჩეს დაუსჯელი".


დღეს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანში არსებულ სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა და ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.

 

კომენტარები