საკანონმდებლო ცვლილება

სხვისი უბედურებით ცხოვრება არ უნდა ააწყონ – ფინანსურ დანაშაულზე კანონპროექტი წარადგინეს

ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ოცნების ახალი კანონპროექტი პრინციპების დონეზე წარადგინა და თქვა, რომ ახალი ინიციატივა მიზანად ისახავს, " რომ ადამიანებმა სხვისი უბედურების ხარჯზე ცხოვრება არ ააწყონ".

კანონპროექტის მიხედვით, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება მარტივდება.

"ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მიზანი არის დაზარალებულების უფლებების აღდგენა იმისთვის, რომ გამარტივებული, სწრაფი მექანიზმი არსებობდეს, რომ ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს დაზარალებულებისთვის. [...] სამოქალაქო საქმის წარმოებისას ეს პროცესები შეიძლება იყოს დროში გაწელილი და ნაკლებად ეფექტიანი. ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია, რომ მოხდეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რაც მოახდენს მომავალში ასეთი დანაშაულების ჩადენის პრევენციას და თან ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი საშუალება იქნება.

ეს კანონპროექტი შეეხება შემდგომ დანაშაულებს: ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მქონე ნივთის/დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნივთის დაზიანება ან განადგურება, მომხმარებლის მოტუყება ჩადენილი დიდი ოდენობით, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება - ამ მუხლებით და სხვათა გათვალისწიენებით, თუ დამნაშავე ზიანს მიაყენებს კონკრეტულ ადამიანს, ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ დამნაშავეები ფიქრობენ, რომ მოიხდიან სასჯელს, დატოვებენ საპატირმროს და მიყენებული ზიანის შედეგად აღებულ ქონებას მოიხმარენ თავიანთი შეხედულებისამებრ. რეალურად, ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებმა სხვისი უბედურების ხარჯზე ცხოვრება არ ააწყონ. იგივე იყო ზუსტად, როცა განვიხილავდით ნარკოტიკული დანაშაულების წინააღდეგ ბრძოლის პაკეტს, იგივე მიზანია ახლაც.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს, სანამ არ აანაზღაურებს ზიანს, მას აეკრძალება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტეროტორიის დატოვება. იქნება აკრძალვის ვადები - ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 6 წლის ვადით, მძიმე კატეგორიის შემთხვევაში - 12 წელი და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის შემთხვევაში მსჯავრდებულს აეკრძალება ქვეყნიდან გასვლა არაუმეტეს 16 წლის ვადით. [...] დამნაშავეების ქონებები მიემართება დაზარალებულების ასანაზღაურებლად, ამავდროულად, ახლო ნათესავებს, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული, საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონებებიც მიემართება დაზარალებულების ასანაზღაურებლად, ამ შემთხვევაში, 194-ე მუხლით, ფულის გათეთრების, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელწმიფოს ანგარიშზე ასახვა ხდება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უარს ამბობს ამ ქონებაზე, ზრუნავს დაზარალებულზე, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულის უფლების აღდგენა და ზიანის ანაზღაურება.

ამავდროულად, ცვლილებებით გათვალისწინებულია დამნაშავის დაკავშირებული პირების ცნება. თუ დამნაშავე განიზრახავს, რომ ქონება, რომელიც მიიღო გადამალოს სხვა ადამიანთან - ეს ადამიანი დაკავშირებული პირი ხდება და მისი უკანონო/დაუსაბუთებელი ქონებებიც დაზარალებულის ასანაზღაურებლად მიექცევა.

კანონმდებლობით ასევე განისაზღვრება ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რომლის მიზანიცაა საზღვრის კვეთის პრევენცია.

გორდულაძემ 16 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნების ახალი კანონპროექტი გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება.


27 მაისს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი." - წერდა სუს.

მოგვიანებით, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) მადლობა გადაუხადა ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაციის "წარმატებით ჩატარებისთვის".

მან ასევე ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ ოცნებამ გიორგი ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე, გიორგი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაუცვალა.

კობახიძის თქმით, ეს "მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსიაა" და პოლოლიკაშვილის კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ მან "სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა".

"ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი. მიზეზი იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს". - თქვა კობახიძემ.

თავის მხრივ, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე დგას.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

    კომენტარები