"[საგუშაგოს ჩადგმა] შეცდომა იყო" - ჩორჩანას საქმეზე წაღვლის გამგებელი იკითხება

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს წაღვლის გამგებელი, ვაჟა ლომიძე და წაღვლის მაცხოვრებელი, მანანა შეყელაშვილი გამოიკითხებიან. ორივე მათგანმა პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"[საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით] ჩვენთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონიათ. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვინ ან რატომ მიიღო. ერთადერთი, იმას ამბობდნენ, რომ ტყეში ხეებზე საღებავი იყო წასმული. თუ დამიჯერებთ, ამას არც რუსი გააკეთებდა - რუსს თუ დასჭირდებოდა, საღებავი არ დასჭირდებოდა, პირდაპირ ამოვიდოდა და იმ ტერიტორიას შეიერთებდა [...]

[ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა] ძალიან დიდი შეცდომა იყო - ვინც დაუშვა. იმ ტერიტორიასაც ჩვენ ვაკონტროლებდით, სადაც ჩვენი საგუშაგო დგას და იმასაც, სადაც რუსებმა ჩადგეს საგუშაგო [...] რუსებმა თავისი საგუშაგო ამოსწიეს და იქვე, სოფელ წაღვლთან ძალიან ახლოს ჩადგეს. დაახლოებით, კილომეტრ-ნახევრით ამოვიდნენ [...] ტყეში შესვლა ძალიან სახიფათოა. იმიტომ, რომ დაგიჭერენ, გინდ საგუშაგოს აქეთ იყო, მნიშვნელობა არ აქვს". - თქვა ვაჟა ლომიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე.

წაღვლის მაცხოვრებელმა, მანანა შეყელაშვილმა კი თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმამ საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა გამოიწვია.

"მოსახლეობისთვის ის შეიცვალა, რომ ტერიტორია დაკარგეს, სადაც ტყით სარგებლობდნენ - შეშის მოტანა, ჯონჯოლზეც დადიოდნენ. ადგილობრივებს შეზღუდვები აქვთ [...] მანამდე, ხალხი თავისუფლად გადაადგილდებოდა და ახლა ვეღარ". - თქვა შეყელაშვილმა გამოკითხვის დაწყებამდე.

სოფელი ჩორჩანა სწორედ წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის.

გარდა ამისა, ამ დრომდე, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით უკვე გამოკითხნენ ივანიშვილის ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ივანიშვილის ყოფილი დეპუტატი, კახი კახიშვილი, ივანიშვილის მოქმედი დეპუტატი, ალექსანდრე ტაბატაძე, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.

ამასთან ერთად, 16 ივნისს წულუკიანმა განაცხადა, რომ გახარიას კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ გამოკითხავენ. საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.

კომენტარები