რუსული რეჟიმი

ენმ NGO-ებზე: რეჟიმი ქართული სახელმწიფოს განადგურებას რუსული ინსტრუქციებით განაგრძობს

ენმ-ს ყოფილი ცენტრალური ოფისი კახეთის გზატკეცილზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს და მხარდაჭერას ჰპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მიმართაც ივანიშვილის რეჟიმმა რუსული კანონების აღსრულება დაიწყო.

"ივანიშვილის რეჟიმი ქართული სახელმწიფოს განადგურებას რუსული ინსტრუქციებით განაგრძობს. დღეს, რუსი ოლიგარქის თანამზრახველებმა რუსული კანონის აღსრულება დაიწყეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების სრულ განადგურებას ისახავს მიზნად.

თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. რეჟიმის მამხილებელი, ადამიანის უფლებათა დამცველი და საარჩევნო პროცესის ზედამხედველი ორგანიზაციების გასანეიტრალებლად, პუტინის რუსეთიდან გადმოწერილი კანონების ამოქმედებით რეჟიმმა მორიგი ძირგამომთხრელი ნაბიჯი გადადგა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის წინააღმდეგ.

სოლიდარობას ვუცხადებთ და სრულ მხარდაჭერას ვპირდებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ამ შეურიგებელ ბრძოლაში, სადაც მათ მრავალჯერ აჩვენეს პრინციპულობის, სიმამაცისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მაგალითები". - წერია ენმ-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ანტიკორუფციულმა უწყებამ სასამართლოს მეშვეობით რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. კერძოდ, 17 ივნისს NGO-ებისგან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პირადი მონაცემები მოითხოვეს.

"17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია". - ნათქვამია განცხადებაში.

მათი განცხადებით, პერსონალურ მონაცემებს რეჟიმს არ გადასცემენ და აღნიშნული ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

"ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ.

ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია - ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი - პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

კომენტარები