დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

რუსეთი ისრაელზე: საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა იყოს გულგრილი ასეთი სისასტიკის მიმართ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის მიერ, 13 ივნისის ღამეს ირანზე მიტანილ იერიშებს გმობს.

"გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის საშიში ესკალაციის შესახებ. ვგმობთ 13 ივნისის ღამეს, ისრაელის მიერ გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს" 

რუსეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ იყოს გულგრილი ისრაელის "არაპროვოცირებული" სამხედრო მოქმედებების მიმართ. 

 "არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები სუვერენული სახელმწიფოს, გაეროს წევრის, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქების, ბირთვული ენერგიის ინსფრასტრუქტურის წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია. საერთაშორისო საზოგადოება არ შეიძლება, იყოს გულგრილი ასეთი სისასტიკეების მიმართ, რომლებიც ანადგურებენ მშვიდობას და აზიანებენ რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას" – ვკითხულობთ განცხადებაში.

13 ივნისს დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.  

ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.  

ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი. 

ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა. 

მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "ამომავალი ლომი" დაიწყო, რომლის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.

კომენტარები