რეჟიმის პატიმრები

მოსამართლე გალუსტაშვილმა 11 პირის პროცესზე მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მოსამართლის აცილება დაცვის მხარემ გალუსტაშვილის მიერ 12 ივნისს მათე დევიძისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ მოითხოვა. ადვოკატი ბექა ხოხობაშვილის განცხადებით, გუშინდელი განაჩენით გალუსტაშვილი ფაქტობრივად პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი გახდა.

ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"თქვენს მიერ გუშინ მიღებული განაჩენი არის ის ობიექტური ახალი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო განაჩენი მიიღეთ 21 წლის მათე დევიძის მიმართ. ციხეში 4 წლით და 6 თვით გაუშვით ის ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის. თქვენ, ბატონო მოსამართლე, ამ განაჩენით ფაქტობრივად გახდით პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ფაქტობრივად ყველა სივრცეში და ყველა საზოგადოებრივ მოცემულობაში არის რეპრესიები. თავად სასამართლო სხდომათა დარბაზში ვხედავთ და არამხოლოდ დარბაზში, არამედ მის კედლებში ვხედავთ მომეტებულ ძალადობას და თქვენ, თქვენი გადაწყვეტილებით ამ ყველაფერს ხელი შეუწყვეთ.

თქვენი მოქმედებები გახდა ჩვენთვის, დაცვის მხარისათვის განჭვრეტადი, რაც ბანგალორის პრინციპების, რომელიც მოგეხსენებათ, სასამართლოს უმთავრესი პრინციპებია, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი, არცერთი ეს კომპონენტი თქვენ შემთხვევაში დაცული არ არის.

თქვენი მოქმედება, რომელიც გუშინ განახორციელეთ სხდომათა დარბაზში, სწორედაც რომ ახალი ფაქტობრივი გარემოებაა, რომელიც დაცვის მხარეს აფიქრებინებს, რომ სამომავლო პერსპექტივაში, თქვენ არ იქნებით ობიექტური, თქვენ შეაფასებთ ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში, რადგან ეს ადამიანები, სინდისის პატიმრები, მტკიცებულებების გარეშე სამართლდებიან.

ვაყენებ თქვენს აცილებას, რადგანაც არ არსებობს მოცემულობა, არ არსებობს პერსპექტივაში განჭვრეტადი თქვენდამი ნდობა დაცვის მხარის, რომ თქვენ მიიღებთ ობიექტურ, სამართლიან გადაწყვეტილებას" - მიმართა ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლეს ბრალდბეულებმაც. რევაზ კიკნაძემ, ონისე ცხადაძემ და ანდრო ჭიჭინაძემ სოლიდარობა გამოუცხადეს მათე დევიძეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გრძელდება.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები