დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

New York Times: ისრაელი ირანზე თავდასხმისთვის ემზადება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
Mandel Ngan/AFP via Getty

New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანზე თავდასხმისთვის ემზადება. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ამერიკელ და ევროპელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ორი კვირის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან მოუწოდა ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავი შეეკავებინა ირანზე თავდასხმისგან, რადგან აშშ-სა და ირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

თუმცა, 11 ივნისის ინტერვიუში, ტრამპმა თქვა, რომ იგი უფრო და უფრო ნაკლებ დარწმუნებულია, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, ერაყში აშშ-ს საელჩო შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადება. ამ საკითხზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის თავდაცვის მინისტრმა, აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თუ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამის შედეგად კონფლიქტი აღმოცენდება, ირანი რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამს.

ასევე, საზღვაო სავაჭრო სააგენტომ, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო გზების მონიტორინგს აკეთებს, გაერთიანებული სამეფო გააფრთხილა "რეგიონში ზრდადი დაძაბულობის შესახებ, რაც შესაძლოა სამხედრო აქტივობებში გადაიზარდოს და პირდაპირი გავლენა ჰქონდეს მეზღვაურებზე". სააგენტომ მოუწოდა კომერციულ გემებს, დამატებითი სიფრთხილე გამოიჩინონ სპარსეთისა და ომანის ყურეებში და ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების დროს. 

New York  Times ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის სამხედრო თანამდებობის პირებსა და ხელისუფლებას შორის უკვე გაიმართა შეხვედრა, სადაც ისრაელის პოტენციურ იერიშზე კონტრშეტევა განიხილეს. წყაროს მიხედვით, ირანმა შეიმუშავა გეგმა, რომლთაც ისრაელს თავდასხმის შემთხვევაში დაუყონებლივ უპასუხებენ ასობით ბალისტიკური რაკეტით. 

კომენტარები