გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს ქლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დემოკრატიის გასამყარებლად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მოუწოდებს, რომ მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით ვალდებულებები გააძლიეროს.
"1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველომ დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. იმისთვის, რომ დემოკრატია გამყარდეს და თქვენი ინსტიტუტები გაძლიერდეს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, რომ ძირი გამოუთხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მედიის თავისუფლებასთან, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ საქართველოს ურყევ და მტკიცე მეგობრად დავრჩებით". - თქვა ჯეიმს ქლევერლიმ თბილისში ვიზიტის დროს.
ჯეიმს ქლევერლის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უწყვეტად განაგრძობს. ქლევერლიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.