ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი ქმარი, კოტე იოსელიანი თვალებახვეული გაიტაცეს, მასზე ზეწოლა მოახდინეს და დაემუქრნენ.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან მეც დამირეკეს. ეს იგივე დეპარტამენტია, საიდანაც კოტესაც დაუკავშირდნენ. მათ გამოკითხვაზე მისვლა მთხოვეს, თუმცა, მეც იგივე პასუხი გავეცი, რაც კოტემ - რომ ჩვენ მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით. დრო ჯერ ცნობილი არაა. მომდევნო 3 დღე მე საქართველოში არ ვიქნები, რადგან ბრიუსელში მნიშვნელოვანი ვიზიტი დიდი ხნის წინ დავგეგმე". - თქვა ბოკუჩავამ TV პირველის ეთერში.
შსს-ში გამოკითხვაზე თავად კოტე იოსელიანიც დაიბარეს.
თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ მის ქმარს, კოტე იოსელიანს სახლთან 5 ნიღბიანი პირი დახვდა, თვალები აუხვია და მანქანით გაიტაცა. ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ იოსელიანი სუს-ის შენობაში ჰყავდათ.
"ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი (10 წლის) შვილის სკოლისა და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ და ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით". - თქვა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, 8 ივნისს ბოკუჩავას ქმარმა, კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც 7 წლის წინ საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო, მეორედ მოუხადა ბოდიში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს.





