ენმ-ს თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმარი კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, 8 ივნისს ბოკუჩავას ქმარმა, კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც 7 წლის წინ საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო, მეორედ მოუხადა ბოდიში ოლიგარქი ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს.
9 ივნისს, ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ქმარი ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა, 8 საათი მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ემუქრებოდნენ "კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით".
"მე მინდა, საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, მას აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა, დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ, მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი (10 წლის) შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ და ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით.
მიუხედავად იმისა, რომ მე ბუნებრივია, მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ თავის პირად ტელეფონთან წვდომას.
ყველას პირადი ცხოვრება პირადია! წერტილი! მაგრამ ყველას კარგად გვესმის, უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, (რომელზეც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე, საჯაროდ მოიხადა ბოდიში) გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არაა და ეს არის მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება". - თქვა ბოკუჩავამ.





