ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა და თინა ბოკუჩავას მეუღლემ, კოტე იოსელიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოსაკითხად შესვლამდე მისი გატაცების დეტალების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ცნობისთვის, 8 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში 50- წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
იოსელიანის თქმით, მისი გატაცება "ძაალადობის ფონზე მოხდა", რაშიც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა - ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ პირებს ინფორმაცია ჰქონდათ მისი შვილების "გადაადგილებასა და განრიგზე".
"ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით - ეს მოხდა ჩემს სახლთან, ეს იყო ძალადობის ფონზე, ცხადია, იყო რამდენიმე ადამიანი.
იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე მიმართა უტა ივანიშვილსაც,
ჩვეულებრივად, როგორც ხდება, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო.
თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი ამაზე, ვიფიქრე, რომ ეს იმ სეტის გაგრძელება იყო, როცა ხალხს სახლებთან ხვდებიან და მათზე ძალადობენ, თუმცა, მანქანაში შეთრევის, თვალებში პირბადის წამოცმის შემდეგ, მივხვდი რაში იყო საქმე და გადამიყვანეს არცთუისე შორს, მე ვვარაუდობ, რომ ეს არის საბურთალოს ტერიტორია.
ვვარაუდობ კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ ეს ვარაუდები არის.
შემდეგში იყო ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც ცხადია, ჩემი მხრიდან შესრულდა იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ რაიმე პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი - მე ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა ბოდიში მოხდილი და ხელმეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა კომუნიკაცია და იმ კონკრეტულ საკითხებზე, რა საკითხებზეც მიდიოდა საუბარი (ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათ ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ა.შ.)
ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უსამართლობაზე ან ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ - ეს არის აბსურდი და მე ამას ერთი წამითაც არ ვუშვებ.
ეს არის, პოლიტიკური მდგენელის მქონდე აქტი, რაც განხორციელდა და ამას, შესაბამისად პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდევაც.
წარმოდგენა არ მაქვს ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ყველაფერი - მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მე გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი.
მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, რომ თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმეზე გინდა საუბარი დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები.
ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ის სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ ჩანაწერები, უთვალთვალონ, აედევნონ და ა.შ.
[...] იყო განხორციელებული რამდენიმე ზარი, მერე მე გავედი კავშირზე - თვითონაც შეეშინდათ, რომ ატყდებოდა ერთი ამბავი ამიტომ, გამაგზავნინეს ვოისი, სადაც ვთქვი, რომ "ყველაფერი ნორმალურად არის და მალე მოვალ სახლში".
ცხადია, თინამ მიიღო ის ინფორმაცია, რომ მე ცოცხალი ვარ და ამის მერე, მალევე მივედი სახლში.
შსს-ს მიმართ მაქვს აბსოლუტურად ნულოვანი ნდობა - მე თვითონ მქონია გარკვეული შეხება სამართალდამცავ სტრუქტურასთან და ამით ვამაყობდი ყოველთვის და ვიამაყებ.
დღეს ვთვლი, რომ შსს არ არის ის ორგანო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება.
აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ეს პროცესი რაც გაიმართება, იქნება ფორმალობა, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს". - თქვა იოსელიანმა.





