კოტე იოსელიანი

"ჩვეულებრივი ფორმალობა იყო" - კოტე იოსელიანი სასამართლოში გამოკითხეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი და თინა ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, იოსელიანმა თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი ფორმალობა იყო.

"დაკითხვის პროცესს რაც შეეხება - მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმის, რომ საქმეს გამოიძიებენ და გახსნიან. ეს ჩვეულებრივი ფორმალობა იყო. ფორმალობა, რომელიც კონკრეტული კითხვებისგან შედგებოდა. ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცი - რა გეცვა, რომელ საათზე, სად წახვედი, რამდენი ხანი. ჩვეულებრივი კითხვები, რაც ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით გამომძიებელს გაუჩნდებოდა". - თქვა იოსელიანმა.

იოსელიანის განცხადებით, თუ გამოძიებას სურვილი ექნება, საქმე მარტივად გაიხსნება.

"გამოძიებას კონკრეტული კითხვები ჰქონდა. არსებობს ყველა ინდიკაცია, ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ, ყველანაირი გარემოება არსებობს იმისთვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. იქ უამრავი ობიექტია, რომელიც ვიდეოკამერებითაა აღჭურვილი. სურვილის შემთხვევაში, ამ ფაქტის გამოძიებასა და ყველა დეტალის დადგენას განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა არ სჭირდება. თუმცა, დრო გვაჩვენებს, სურვილი რამდენად დიდია და რეაქცია რამდენად ადეკვატური იქნება". - თქვა იოსელიანმა.

გამოკითხვის დაწყებამდე, კოტე იოსელიანმა მისი გატაცების დეტალებზე ისაუბრა. იოსელიანის თქმით, მისი გატაცება "ძაალადობის ფონზე მოხდა", რაშიც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა - ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ პირებს ინფორმაცია ჰქონდათ მისი შვილების "გადაადგილებასა და განრიგზე".

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 8 მაისს მისი ქმარი კოტე იოსელიანი ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახდენდნენ. რის შედეგადაც იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

კომენტარები