სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ძმები, ტარიელ და ლეონიდე თენაძეები თავისუფლები არიან.
ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ტარიელ და ლეონიდე თენაძეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ საქართველოს სამი მოქალაქე 11 მარტს დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი მალევე გაათავისუფლეს, ორი კი პატიმრობაში რჩებოდა.





