სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 11 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე უკვე გათავისუფლდა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ორი კი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
"ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". - წერია უწყების განცხადებაში.