Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა X-ზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "დიდი, ლამაზი" კანონპროექტი გააკრიტიკა და მას "გულისამრევი საშინელება" უწოდა.
მასკის მხრიდან სიტყვიერ თავდასხმას რესპუბლიკელი კონგრესმენების კანონპროექტზე, რომელიც საგადასახადო შეღავათებსა და ხარჯების შემცირებას მოიცავს, წინ უძღოდა ოვალურ ოფისში რამდენიმე დღის წინ გამართული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელიც მასკის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვების აღსანიშნავად ჩატარდა.
"ეს უზარმაზარი, აღმაშფოთებელი, ხარჯებით გავსებული კონგრესის კანონპროექტი გულისამრევი საშინელებაა. სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით. იცით ეს". - დაწერა მასკმა X-ზე. ამ დროისთვის პოსტს თითქმის 500 000-მდე მოწონება და 90 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ცალკე პოსტში მასკმა დაწერა, რომ "მომდევნო წლის ნოემბერში, ჩვენ დავითხოვთ ყველა პოლიტიკოსს, რომელმაც ამერიკელ ხალხს უღალატა".
კანონპროექტის კრიტიკაში მასკს მხარდაჭერა სენატორებმა რენდ პოლმა და მაიკ ლიმ გამოუცხადეს. რენდ პოლის მიხედვით, მას სურს, საგადასახადო შემცირებები სამუდამო იყოს და კანონპროექტიდან $5-ტრილიონიანი ვალის ახალი ზედა ზღვრის ამოღება მოხდეს. მან დაამატა, რომ "სულ მცირე, ოთხი ჩვენგანი სენატში ასე ფიქრობს".
ცნობისთვის, 30 მაისს ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ილონ მასკი ადმინისტრაციის დატოვებამდე საჩუქრად თეთრი სახლის დიდი მოოქრული გასაღები გადასცა. ტრამპის თქმით, ეს "პატარა განსაკუთრებული რამ" არის, რასაც ის აშშ-ს სახელით "ძალიან განსაკუთრებულ ხალხს" აჩუქებს.
"ილონი რეალურად არ მიდის. წინ და უკან ივლის. ვფიქრობ, ასე ვგრძნობ, რომ ეს [DOGE] მისი შვილია და ვფიქრობ, რომ მრავალ რამეს გააკეთებს". - თქვა ტრამპმა მასკის წასვლამდე.
ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ილონ მასკი ადმინისტრაციაში აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელად დაინიშნა. ტრამპმა ეს დეპარტამენტი 20 იანვარს, მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველივე დღესვე, აღმასრულებელი ბრძანების მეშვეობით ჩამოაყალიბა.
მასკს სპეციალური სახელმწიფო თანამშრომლის სტატუსი მიენიჭა, რომლის მიხედვითაც მას აშშ-ს მთავრობისთვის წელიწადში მხოლოდ 130 დღის განმავლობაში შეეძლო მუშაობა. ეს ვადა მასკს პირველ ივნისს ამოეწურებოდა.
მასკის მიერ მართულმა DOGE-მა მიზნად აშშ-ს ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი დოლარის დაზოგვა დაისახა, თუმცა უწყების ბოლო შეფასებებით 2026 ფისკალური წლისთვის დაზოგილი თანხა მხოლოდ 160 მილიარდს აღწევს.
28 მაისს, ილონ მასკმა თქვა, რომ ის გასულ კვირაში აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული "დიდი, ლამაზი" კანონპროექტის მიღების გამო იმედგაცრუებულია.
25 მაისს გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკი პოლიტიკით იმედგაცრუებული იყო, პოლიტიკაზე ბევრის დახარჯვას აღარ აპირებდა და მას Tesla-სა და SpaceX-ში დაბრუნება სურდა.
კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მასკმა აღნიშნა, რომ თუ მომავალში მნიშვნელოვან მიზეზს არ დაინახავს, პოლიტიკურ კამპანიებში ბევრად ნაკლებს დახარჯავს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, მასკი ახლა იმედგაცრუებულია იმით, თუ რა გავლენა შეიძლება მისმა ფულმა პოლიტიკურ სისტემაზე იქონიოს და მისი აზრით, სჯობს თავისი დრო და რესურსები სხვაგან გამოიყენოს.
მილიარდერი ამბობდა, რომ ახლა მისი ყურადღება კვლავ Tesla-სა და SpaceX-ს სჭირდება. ორივე კომპანია მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება: ელექტრომობილების მწარმოებელი ივნისში სრულად ავტონომიური მანქანის გამოშვებას გეგმავს, ხოლო სარაკეტო კომპანია მომდევნო კვირას ახალი თაობის Starship-ის გაშვებას აპირებს. მასკს ასევე მარსზე 2026 წელს უპილოტო ხომალდის გაგზავნა სურს.





