ილონ მასკის თქმით, ის გასულ კვირაში აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული "დიდი, ლამაზი" კანონპროექტის მიღების გამო იმედგაცრუებულია.
CBS-თან ინტერვიუში მასკმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია კანონპროექტით, რომელიც "ბიუჯეტის დეფიციტს შემცირების ნაცვლად ზრდის" და ასევე, "ძირს უთხრის აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) გუნდის საქმიანობას".
ამასთან, მასკი ტრამპის მიერ კანონპროექტის "დიდ და ლამაზად" მოხსენიებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "კანონპროექტი შესაძლოა იყოს დიდი ან იყოს ლამაზი, თუმცა არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იყოს ორივე ერთად".
ფედერალური საბიუჯეტო კომიტეტის მონაცემებით, კანონპროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში დამატებით $3.3 ტრილიონის მოცულობის ფედერალური სახელმწიფო ვალის აღებას ითვალისწინებს. ეს რიცხვი, შესაძლოა, რამდენიმე ტრილიონით კვლავ გაიზარდოს.
კანონპროექტს, რომელსაც წარმომადგენლობით პალატაში 215 მომხრე და 214 წინააღმდეგი ჰყავდა, ახლო მომავალში აშშ-ს სენატში განიხილავენ.





