რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტუნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა შესაძლოა, ამ თვეში დაიწყოს

აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი
Anna Moneymaker/Getty Images

აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის თქმით, სენატმა რუსეთზე მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა შესაძლოა, მიმდინარე თვეში დაიწყოს. კანონპროექტი შეეხება მეორადი სანქციების დაწესებასაც იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ. 

ტუნის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ იმედოვნებს, რომ 3-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა, თუმცა სენატი მზადაა, ადმინისტრაციას მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაში დაეხმაროს. 

"ჩვენ ასევე მზად ვართ, პრეზიდენტი ტრამპისთვის უზრუნველვყოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მას სჭირდება, რათა საბოლოოდ და რეალურად მიიყვანოს რუსეთი [მოლაპარაკებების] მაგიდასთან". - თქვა ტუნმა სენატში სიტყვით გამოსვლისას. 

როგორც რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა რეპორტიორებს უთხრა, სანქციების კანონპროექტს იგი თეთრ სახლთან ერთად განიხილავს. 

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს, ბუნებრივ აირს, ურანს ან სხვა ტიპის რუსულ ექსპორტს შეისყიდიან, 500%-იანი ტარიფები დაუწესდებოდათ. აღნიშნული ტარიფები, დიდი ალბათობით, ყველაზე დიდ გავლენას ჩინეთსა და ინდოეთზე იქონიებდა, ვინაიდან ეს ორი ქვეყანა ჯამურად რუსეთის ენერგოპროდუქციის დაახლოებით 70%-ს შეისყიდიან. 

კანონპროექტს, რომლის წამყვანი სპონსორები რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი არიან, 100-წევრიან სენატში ამჟამად 82 თანასპონსორი ჰყავს. 

გრემმა გასულ კვირას კიევში ვიზიტისას თქვა, რომ ის ფიქრობდა, რომ სენატს კანონპროექტის მიღება შემდეგ კვირაშიც კი შეეძლო, თუმცა ტუნს მსგავსი დროითი ჩარჩო არ დაუსახელებია. 

აღნიშნული ორპარტიული პროექტი, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს, აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, 1-ელ აპრილს წარადგინა. 

30 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის თანაავტორი სენატორები, გრემი და ბლუმენთალი, კიევშიც ჩავიდნენ, სადაც ლინდსი გრემმა ყველა ევროპელ მოკავშირეს მოუწოდა, რომ "ნავთობის ფასი შეამცირონ, რათა პუტინის წიაღისეულის საწვავის ეკონომიკას სირთულეები შეუქმნან - გაზარდონ OPEC-ის წარმოება და ფასები შეამცირონ."

"უკრაინა ამ ომს არ აგებს, ეს რუსული პროპაგანდაა. თუ შეხედავთ ერთი წლის წინანდელ რუკას და შეხედავთ მას დღეს, ფაქტობრივად ერთი და იგივეა". - დაამატა გრემმა.

კომენტარები