ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომს არ აგებს და ეს რუსული პროპაგანდაა.
ამის შესახებ გრემმა კიევში ილაპარაკა.
გრემმა ასევე აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტის შემდეგ საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა და ევროპელ მოკავშირეებს ნავთობის ფასის დაწევისკენ მოუწოდებს, რათა რუსეთის ეკონომიკაზე წნეხი გაიზარდოს.
"რუსული ნავთობის 70%-ს ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობს. ამიტომ, ამ ვიზიტის შემდეგ პარიზში და გერმანიაში მივდივარ. ჩვენს ყველა ევროპელ მოკავშირეს მოვუწოდებ, რომ ნავთობის ფასი შეამცირონ, რათა პუტინის წიაღისეულის საწვავის ეკონომიკას სირთულეები შეუქმნან - გაზარდონ OPEC-ის წარმოება და ფასები შეამცირონ.
თუკი ევროპა ამას გააკეთებს, ამას გავლენა ექნება. ეს რუსეთის საომარ მანქანას დააზიანებს. სანამ ევროპა ამ გზას აირჩევს, ასევე იქნება სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ, სენატი იმოქმედებს.
[...] უკრაინა ამ ომს არ აგებს, ეს რუსული პროპაგანდაა. თუ შეხედავთ ერთი წლის წინანდელ რუკას და შეხედავთ მას დღეს, ფაქტობრივად ერთი და იგივეა". - თქვა გრემმა.
დღეს, 30 მაისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თანაავტორი სენატორები, ლინდსი გრემი და რიჩარდ ბლუმენთალი კიევში ჩავიდნენ.
რესპუბლიკელი გრემი და დემოკრატი ბლუმენთალი აშშ-ს სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მთავარი სპონსორები არიან.
1-ელ აპრილს აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს.
გრემისა და ბლუმენთალის თქმით, კანონპროექტით პირველადი და მეორადი სანქციები დაწესდება რუსეთისა და უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ თუ მოსკოვი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, ან წამოიწყებს მორიგ ძალისხმევას, რომლის მიზანიც სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა იქნება.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი იმპორტზე 500%-იან ტარიფებს გულისხმობს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ან გაზს ყიდულობენ, თუკი რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებებს შეაფერხებს ან მომავალში უკრაინის სუვერენიტეტს ძირს გამოუთხრის.
21 მაისის მონაცემებით, კანონპროექტს სენატში ამჟამად 81 თანასპონსორი ჰყავს.





