რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რუსეთის "რაც შეიძლება ძლიერად" დასანქცირებას ემხრობა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად
Joe Raedle/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 2 ივნისს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ს კონგრესში ძალისხმევას, რომ რუსეთი უკრაინაში ომის გამო "რაც შეიძლება ძლიერად" დასანქცირდეს.

"მრავალი კონგრესმენია, რომელსაც უნდა, რომ რუსეთი რაც შეიძლება ძლიერად დავასანქციროთ და მე ამის მომხრე ვარ," უთხრა ჯონსონმა რეპორტიორებს.

რესპუბლიკელი სპიკერის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისადმი მხარდაჭერის გამოცხადებას წინ უძღოდა სენატში ორპარტიული ძალისხმევა, რათა რუსეთს "გამანადგურებელი სანქციები" დაუწესდეს. 

1-ელ აპრილს აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს. ამჟამინდელი მონაცემებით, 100-წევრიან სენატში აღნიშნული კანონპროექტის თანასპონსორი სენატორების რაოდენობა 82-ს აღწევს.

რესპუბლიკელი ლინდსი გრემისა და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენთალის თქმით, კანონპროექტით პირველადი და მეორადი სანქციები დაწესდება რუსეთისა და უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ თუ მოსკოვი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, ან წამოიწყებს მორიგ ძალისხმევას, რომლის მიზანიც სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა იქნება.

გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი იმპორტზე 500%-იან ტარიფებს გულისხმობს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ან გაზს ყიდულობენ, თუკი რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებებს შეაფერხებს ან მომავალში უკრაინის სუვერენიტეტს ძირს გამოუთხრის.

30 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის თანაავტორი სენატორები, გრემი და ბლუმენთალი, კიევშიც ჩავიდნენ, სადაც ლინდსი გრემმა ყველა ევროპელ მოკავშირეს მოუწოდა, რომ "ნავთობის ფასი შეამცირონ, რათა პუტინის წიაღისეულის საწვავის ეკონომიკას სირთულეები შეუქმნან - გაზარდონ OPEC-ის წარმოება და ფასები შეამცირონ."

"უკრაინა ამ ომს არ აგებს, ეს რუსული პროპაგანდაა. თუ შეხედავთ ერთი წლის წინანდელ რუკას და შეხედავთ მას დღეს, ფაქტობრივად ერთი და იგივეა". - დაამატა გრემმა.

ამასთანავე, ჟურნალისტებთან მაიკ ჯონსონის კომენტარს ლინდსი გრემი X-ზე გამოეხმაურა და რესპუბლიკელი სპიკერის ნათქვამი "სახიფათო პერიოდში გადამწყვეტ ლიდერობად" შეაფასა.

ცნობისთვის, აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა 2 ივნისს თქვა, რომ სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა, შესაძლოა, ამ თვეში დაიწყოს. 

კომენტარები