უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩასული რუსული დელეგაციის წევრებს იდიოტები მას შემდეგ უწოდა, რაც დიპლომატების ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, 2-3 დღით ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა.
მედინსკის განმარტებით, ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტა ბრძოლის ველიდან დაღუპული სამხედროების სხეულების გასატანად არის საჭირო.
ზელენსკის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა არა სხეულების გასაყვანად, არამედ ცოცხალი ადამიანების გადარჩენისთვის არის საჭირო:
"ისინი მზად არიან რამდენიმე დღით ცეცხლი შეწყვიტონ, რომ ბრძოლის ველიდან მოკლულები გაიტანონ. მიმაჩნია, რომ იდიოტები არიან. ცეცხლის შეწყვეტა ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ არავინ დაიღუპოს. ანუ, ხედავთ განწყობას? მათთვის ეს ომში მცირე პაუზის საკითხია".
2 ივნისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმა არ არის.





