ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

მიქანაძე NATO-ს PA-ზე ტაბულას ინფორმაციას "სიცრუის ტირაჟირების მორიგ მცდელობას" უწოდებს

გივი მიქანაძე

ივანიშვილის დეპუტატი, გივი მიქანაძე ეხმაურება ტაბულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა. მიქანაძე აღნიშნულს "სიცრუის ტირაჟირების მორიგ მცდელობას" უწოდებს.

ტაბულას ინფორმაციით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა. ცნობისთვის, ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოდან ივანიშვილის წარმომადგენლები, მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი და გივი მიქანაძე, ჩავიდნენ.

მიქანაძე კომენტარში, რომელსაც სამთავრობო მედია ავრცელებს, ამბობს, რომ აპრილის დასაწყისში, მართლაც იყო მცდელობა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება შეეზღუდათ, მაგრამ "ბევრი ქვეყნის დელეგაციისგან წინააღმდეგობა დაფიქსირდა". 

გარდა ამისა, მიქანაძის განცხადებით, მათ შემდეგ სხდომაზე მოსაწვევები მიიღეს.

"ადგილი აქვს მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობას.

[...]

რადიკალების რიგ მხარდამჭერებს აპრილის დასაწყისში ჰქონდათ მცდელობა მართლაც, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეულწილად შეეზღუდათ, თუმცა ბევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან წინააღმდეგობა დაფიქსირდა. რის საფუძველზეც სწორედ ტაბულას ინფორმაციაში გაცხადებულ GSM სემინარებზე, უკვე აპრილის ბოლოს, მარიამ ლაშხმა და მე მივიღეთ ანტალიაში ჩატარებულ GSM სემინარში მონაწილეობა. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ ტარდება, ეს არის საგაზაფხულო და საშემოდგომო ასამბლეის სხდომები, ჩვენ უკვე საგაზაფხულო სხდომაზე მივიღეთ მონაწილეობა. 

მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ უკვე მოსულია მოსაწვევები შემდეგ სხდომებზეც. ჩვენი დელეგაციის წევრები დარეგისტრირებულნი არიან. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ფორმატში თანამშრომლობას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან" - ამბობს მიქანაძე.

ტაბულას ინფორაციით, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც. ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს "ახალმა პარლამენტმა ხუთი ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო, ხოლო დანარჩენი ორი ცარიელი დატოვა იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტში დაბრუნდება. არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო პლენარულ სესიაზე ხუთივე წევრმა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, სამმა სრულმა წევრმა და ორმა შემცვლელმა წევრმა მმართველი პარტიიდან".

შესაბამისად, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გარკვეული პრივილეგიების შეზღუდვით, პლენარულ სესიაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა სამ წევრამდე შეზღუდოს, ხოლო ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში, ამ სამიდან ერთი ადგილი ოპოზიციისთვის გამოიყოფა.

შედეგად, საქართველოს დელეგაცია, შეზღუდული უფლებამოსილებებით, ვერ შეძლებს სესიაზე შესწორებების წარდგენას და ვერ მიიღებს მონაწილეობას GSM სემინარებში, ქვედასაკომიტეტო ვიზიტებსა და NATO-ს საორიენტაციო და სხვა სატრენინგო პროგრამებში.

ამასთანავე, სესიების განმავლობაში კომიტეტების თავმჯდომარეებსა და პრეზიდენტს ექნებათ უფლებამოსილება, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცენ საქართველოს წარმომადგენლებს.

კომენტარები