კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, პროკურატურამ სასამართლოს ხვალინდელი სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით მიმართა.
"როგორც უკვე იცით, ხვალინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, გასაგები და ცნობილი მიზეზების გამო და დაველოდებოდი განაჩენს სხვა ადგილას, როგორც საზოგადოებას ვუთხარი. სულ რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატს, გიორგი კონდახაშვილს სასამართლომ დაურეკა და უთხრა, რომ იმ ორმა ცნობილმა პროკურორმა გოგონამ წერილობით მიმართეს სასამართლოს, რომ ისინი ხვალ მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე, შესაბამისად, არ იქნებიან თბილისში და სთხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს მათ ეს გაცდენა. შესაბამისად პროკურორები ხვალინდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებიან. არც ბრალდებული, არც პროკურორი - მოკლედ ასეთი ვითარება გვაქვს ამ წუთის მდგომარეობით". - ამბობს მელია FACEBOOK-ლაივში.
მელიას თეა წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა. მელიამ ჯარიმა არ გადაიხადა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
ცნობისთვის, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. მომდევნო სხდომა 4 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურამ ჯაფარიძისთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.





