ევროკავშირი

ევროკავშირმა მიიღო გეგმა, რომელიც თავდაცვაში საერთო შესყიდვებისთვის €150 მილიარდს გამოყოფს 

ევროპის კავშირის საბჭო
https://polish-presidency.consilium.europa.eu/

ევროკავშირის საბჭომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი შესყიდვების მექანიზმის, ევროპისთვის უსაფრთხოების ქმედების (SAFE) შექმნას მხარი დაუჭირა

პროგრამა თავდაცვის სფეროში საერთო შესყიდვებისთვის 150 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამ თანხიდან თავდაცვის სფეროს გაძლიერებით დაინტერესებულ ქვეყნებს შესყიდვები გრძელვადიანი სესხის სახით დაუფინანსდებათ.

SAFE ძალაში 29 მაისს შევა.

EU-ს საბჭოს განცხადების თანახმად, SAFE ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზაში (EDTIB) დაუყოვნებლივ და მსხვილმასშტაბიან ინვესტიციებს დააფინანსებს. პროგრამა მიზნად ისახავს, რომ ევროკავშირის სამხედრო მრეწველობა გააძლიეროს და სამხედრო მზადყოფნა გაზარდოს.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “დასაწყისიდანვე მექანიზმის უკრაინის თავდაცვის მრეწველობასთან დაკავშირებით SAFE ევროკავშირს საშუალებას მისცემს, მას კიდევ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი”. 

“EU-ს დონეზე პირველი მსხვილმასშტაბიანი თავდაცვის საინვესტიციო პროგრამა მივიღეთ, რომლის ღირებულებაც 150 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არა მხოლოდ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, არამედ მთლიანად EU-ს წარმატებას წარმოადგენს. ეს არის უპრეცედენტო მექანიზმი, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს და ჩვენს თავდაცვის მრეწველობას დაეხმარება. რაც უფრო მეტს დავაბანდებთ ჩვენს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, მით უკეთ შევაკავებთ მათ, ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება სურს”. - თქვა EU-ს საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ადამ შლაპკამ. 

იმისათვის, რომ შესყიდვების კონტრაქტი SAFE-ის მექანიზმით დაფინანსდეს, მასში სულ მცირე ორი მონაწილე ქვეყანა უნდა იყოს ჩართული, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარებისა და თავდაცვის აღჭურვილობაში მასობრივი ინვესტიციის გადაუდებელი საჭიროების პასუხად SAFE შეზღუდული დროით დაუშვებს, რომ შესყიდვებში მხოლოდ ერთი წევრი ქვეყანა იყოს ჩართული”. 

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ SAFE “მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობაში ახალ თავს იწყებს”.

SAFE-ის ფარგლებში უკრაინასა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყნებზე იგივე პირობები გავრცელდება, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხება. საერთო შესყიდვებში მონაწილე მხარეებს EU-ს წევრი ქვეყნების გარდა ამ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის ყიდვაც შეეძლებათ. 

ამასთან, SAFE ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, შესაძლო კანდიდატებსა და ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის ხელმომწერ ქვეყნებს, როგორიც არის გაერთიანებული სამეფო, საშუალებას მისცემს, რომ საერთო შესყიდვებში ჩაერთოს.

“EU ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩართულობის, ასევე NATO-სთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების ერთგულია. ამის ფონზე, SAFE ისწრაფვის, რომ ოპერაციული შეთავსებადობა გააუმჯობესოს, სამრეწველო თანამშრომლობა განაგრძოს და ნდობით აღჭურვილ პარტნიორებთან ერთად უახლეს ტექნოლოგიებზე ორმხრივი წვდომა უზრუნველყოს”. - წერია განცხადებაში.

როგორც ევროკავშირის განცხადებაში არის აღნიშნული, SAFE-ით დაფინანსებულ შესყიდვების კონტრაქტებში გათვალისწინებული სავარაუდო ხარჯების სულ მცირე 65% ევროკავშირში ან ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალი ქვეყნების ან უკრაინის ნაწარმს უნდა მოხმარდეს.

SAFE-ის მიერ დაფინანსებული შესყიდვები თავდაცვის პროდუქტების ორ კატეგორიას ითვალისწინებს: 

1) საბრძოლო მასალასა და რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, მათ შორის, ღრმა დამიზნების იერიშების საშუალებებს, სახმელეთო საბრძოლო საშუალებებსა და მათი მხარდაჭერის სისტემებს, მათ შორის ჯარისკაცთა აღჭურვილობასა და საქვეითო იარაღებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, კიბერუსაფრთხოებას, სამხედრო მობილობას, მათ შორის კონტრმანევრირებას. 

2) საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, საზღვაო ზედაპირისა და წყალქვეშა საშუალებებს, დრონებსა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, სტრატეგიულ გამაძლიერებლებს, მათ შორის, სტრატეგიულ საჰაერო გადაზიდვას, თვითმფრინავთა ჰაერში საწვავით გაწყობას, C4ISTAR-ის სისტემებსა და კოსმოსურ აპარატებსა და მომსახურებას, კოსმოსური აპარატების დაცვას, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრონული ომის საშუალებებს.
 

კომენტარები