კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა. განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა.
ზურაბ ჯაფარიძემ მოსამართლეს სახაზინო ადვოკატის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა, ირაკლი შვანგირაძე, აღნიშნული არ დააკმაყოფილა და ჯაფარიძეს ადვოკატი არ გამოუყო. მისი განმარტებით ადვოკატების მიერ პროცესის დატოვება სხდომის გაჭიანურებისკენაა მიმართული.
"დაცვის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, თქვენ პროცესს აღარ დაესწროს, თქვენ მოსამართლე არ ხართ, ასრულებთ დაკვეთას. პროკურატურა ეწევა აბსოლუტურად პოლიტიკურ დევნას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ოლიგარქია დაემხობა და თქვენ მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ გავდივართ, ნახვამდის" - მიმართა ნიკა გვარამიამ სასამართლოს, რომელიც დღევანდელ პროცესზე ირაკლი ჩომახაშვილთან ერთად ზურა ჯაფარიძის ადვოკატი იყო.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გვარამიას უთხრა, რომ აღნიშნული სასამართლოსადმი უპატივცემულობაში ჩაეთვლებოდათ და დაჯარიმდებოდნენ.
შვანგირაძის გადაწყვეტილების შემდეგ, ჯაფარიძის დაცვის სურვილი დარბაზში მყოფმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა გამოთქვა. მისი თქმით, მას ცოტა დრო სჭირდება, რომ მასალებს გაეცნოს. შვანგირაძემ ჩომახაშვილსაც უარი უთხრა, იგივე მიზეზით - მისი აზრით, დაცვის მხარის მიზანი, პროცესის გაჭიანურებაა.
პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესზე, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძისა და მისი მოადგილის, სერგი ბზიშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ასევე არ დააკმაყოფილა მისი აცილების შუამდგომლობა.
ჯაფარიძის ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც შვანგირაძემ დარბაზის შეცვლაზე მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ჯაფარიძის ადვოკატები და მხარდამჭერები დარბაზის შეცვლას და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, დარბაზში მხოლოდ 15 ადამიანი ეტევა.
პოლიციის მობილიზებაა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.
პოლიციამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჯაფარიძის მხარდამჭერებს არ შეუშვა. ასევე სასამართლოს შენობაში არ უშვებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კამერებით არიან.
ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ მას დღევანდელ პროცესზე დააკავებენ.





