წულუკიანის კომისია

მოსამართლის თქმით, ჯაფარიძის პროცესზე, წულუკიანს, სირაძეს და ბზიშვილს არ გამოკითხავენ

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესზე, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძისა და მისი მოადგილის, სერგი ბზიშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა, სწორედ ამ მიზეზით მოითხოვდა დაცვის მხარე პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვას. მათ აინტერესებდათ, რატომ არ უშვებენ ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერებს სასამართლოში.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, რომლის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფარგლებშიც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ, ადვოკატებს აინტერესებდათ, რატომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და არა ადმინისტრაციული, ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს ზუსტად იგივე შინაარსის 173-ე მე-3 მუხლი [ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით].

გარდა ამისა, დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა შეტყობინებაზე თეა წულუკიანის ხელმოწერის ავთენტურობაც და ის სადავოდ გახადა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა ნუსხიდან, წულუკიანის, სირაძისა და ბზიშვილის ამორიცხვა მოითხოვა. პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ პირებს საქმესთან შემხებლობა არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ წულუკიანის გამოკითხვაზე ასევე უარი თქვა ბადრი ჯაფარიძის საქმეზეც, რომელიც იგივე მიზეზითაა აღძრული.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ასევე არ დააკმაყოფილა მისი აცილების შუამდგომლობა

სასამართლოს შვანგრიაძის აცილების მოთხოვნთ დაცვის მხარემ მიმართა. ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მოსამართლე საქმეს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად არ განიხილავს.

ბრალდების მხარემ შუამდგომლობა არ გაიზარა. 

ჯაფარიძის ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც შვანგირაძემ დარბაზის შეცვლაზე მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ჯაფარიძის ადვოკატები და მხარდამჭერები დარბაზის შეცვლას და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, დარბაზში მხოლოდ 15 ადამიანი ეტევა.

პოლიციის მობილიზებაა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.

პოლიციამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჯაფარიძის მხარდამჭერებს არ შეუშვა. ასევე სასამართლოს შენობაში არ უშვებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კამერებით არიან.

ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ მას დღევანდელ პროცესზე დააკავებენ.

კომენტარები