კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, "მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პლანეტის უსაფრთხოება აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე კონტაქტების აღდგენას მოითხოვს".
"ახლა, როცა ამ სფეროში ხელშეკრულებითი-სამართლებრივი ბაზა განადგურებულია, ვადები ამოიწურა და დოკუმენტების ნაწილმა, ასე ვთქვათ, შეგნებულად შეწყვიტა მოქმედება, ეს ბაზა უნდა აღდგეს როგორც ჩვენი ორი ქვეყნის, ისე მთელი პლანეტის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე," - ასე უპასუხა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას აშშ-ს "ოქროს გუმბათთან" დაკავშირებით.
ამასთან, ჩინეთი შეშფოთებულია აშშ-ს "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყების გეგმით და ვაშინგტონს მოუწოდებს, ხელი აიღოს სარაკეტო თავდაცვის ფარის განვითარებასა და დანერგვაზე. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა გააკეთა.
ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ $175-მილიარდიანი "ოქროს გუმბათის" სარაკეტო ფარის სისტემის დაანონსება "ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას".
20 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყება დააანონსა.





