აშშ-ჩინეთი

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, ხელი აიღოს "ოქროს გუმბათის" პროგრამის განვითარებაზე

ჩინეთი შეშფოთებულია აშშ-ს "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყების გეგმით და ვაშინგტონს მოუწოდებს, ხელი აიღოს სარაკეტო თავდაცვის ფარის განვითარებასა და დანერგვაზე. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა გააკეთა

ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ $175-მილიარდიანი "ოქროს გუმბათის" სარაკეტო ფარის სისტემის დაანონსება "ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას". 

"ეს ძირს უთხრის გლობალურ სტრატეგიულ ბალანსსა და სტაბილურობას. ჩინეთი სერიოზულ შეშფოთებებს გამოთქვამს ამის შესახებ. ჩვენ აშშ-ს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე აიღოს ხელი გლობალური სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარებასა და დანერგვაზე". - განაცხადა მაო ნინგმა პრესბრიფინგზე. 

20 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყება დააანონსა. 

"ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო, რომ ოფიციალურად შევარჩიეთ შესაბამისი არქიტექტურა ამ უახლესი სისტემისთვის, რომელიც შემდეგი თაობის ტექნოლოგიებს განალაგებს ხმელეთზე, ზღვაში და კოსმოსში. მათ შორის, კოსმოსური ბაზირების სენსორებსა და გამანადგურებლებს. [...] დასრულების შემდეგ, ოქროს გუმბათს შეეძლება რაკეტების განადგურება, მაშინაც კი, თუ მათ მსოფლიოს მეორე ბოლოდან, ან, თუნდაც კოსმოსიდან გაისვრიან" – ამბობს ტრამპი. 

პრეზიდენტის თქმით, პროგრამა დაახლოებით სამ წელში დასრულდება, ხოლო მისი სრული ხარჯი $175 მილიარდს შეადგენს. ტრამპის თქმით, თავდაპირველად პროგრამის დასაწყებად $25 მილიარდი იქნება საჭირო, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია კონგრესში წარსადგენად. 

ტრამპმა აშშ-ს შეიარარებულ ძალებს ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა მიმდინარე წლის 27 იანვარს დაავალა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ბირთვული თავდასხმებისგან ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნის იდეა პირველად პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წამოწია 1983 წელს, თუმცა, იმ პერიოდში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა. 

კომენტარები