საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ [ECHR] საქმეზე Matchavariani v. Georgia გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
"ლექსო მაჭავარიანი 2020 წელს აქციაზე დააკავეს და იგი ადმინისტრაციულ დაკავებაში 22 საათის მანძილზე ჰყავდათ, საბოლოოდ კი ჯარიმის სახით 1000 ლარი დააკისრეს.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივ სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული იყო ლექსო მაჭავარიანის დაკავება. სასამართლოს განმარტებით, 48 საათიანი დაკავების ფორმალური ლიმიტის დაცვა დაკავებას ავტომატურად კანონიერს ვერ გახდის.
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას და შესაბამისად, არსებობს ფორმალური, საკანონმდებლო საფუძველი, ეს არ ათავისუფლებს სასამართლოებს ვალდებულებისგან შეაფასონ, იყო თუ არა ეს დაკავება აუცილებელი და პროპორციული ქმედება ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ მოსარჩელესთან მიმართებით.
ადგილობრივი სასამართლოები ადმინისტრაციულ დავებში მუდმივად უარს ამბობენ დაკავების კანონიერების შეფასებაზე და მიუთითებენ, რომ ამ საკითხზე პირმა დავა ცალკე სასარჩელო წესით უნდა აწარმოოს. სტრასბურგის სასამართლომ ეს მიდგომა ფაქტობრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რაც სტრატეგიული ელემენტია მოცემულ საქმეში". - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი მე-10 და მე-11 მუხლების ნაწილში დაუშვებლად მიიჩნია, რომლებიც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას გულისხმობს, ასევე არ დააკმაყოფილა საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის ნაწილში, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს.
ლექსო მაჭავარიანის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო იცავდა.