სტრასბურგის სასამართლო

ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციულ დაკავების საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

Facebook/ Nodar Rukhadze

მოძრაობა სირცხვილიას წევრ ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციულ დაკავების საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს.

ნოდარ რუხაძის ადვოკატის და ორგანიზაციის საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციაზე ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას.

ტაბულა ედუარდ მარიკაშვილს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ეს საქმე კონკრეტულად 9 ნოემბრის დაკავებას ეხება, როდესაც პარლამენტთან აქციაზე შეშის შეტანისას მოძრაობა სირცხვილიას სამი აქტივისტი, ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავეს. 

"საქმე ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციაზე ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, მის გასამართლებასა და დასჯას (ევროპული კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლები).

რადგან ეროვნულ დონეზე სამართალდარღვევათა კოდექსისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის სისტემური ცვლილების რესურსი არ ჩანს და ეს არც მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, ვიმედოვნებთ, შევძლებთ ევროპულ სასამართლოს დავანახვოთ რეალური სისტემური საფრთხეები თვითნებობისა და ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები გახდება მნიშვნელოვანი საფუძველი აქტივისტთა შეკრებისა და მანიფესტაციის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის გარანტიების არსებითი გაუმჯობესებისთვის.

საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ საქმეებზე ვმუშაობთ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. მადლობა მათ შესაძლებლობისთვის, რომ ასეთი პრობლემები არ დავტოვოთ ეროვნულ დონეზე და უფლების დაცვის საერთაშორისო თუ რეგიონულ მექანიზმებს ჰქონდეთ სრულყოფილი წარმოდგენა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე". - წერს მარიკაშვილი.

სირცხვილიას 3 აქტივისტი 9 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე დააკავეს. პოლიციამ მათ აქციაზე შესატანი შეშა წაართვა - მათი მტკიცებით, შეშა "შეიძლება, გამოყენებულ იქნეს, როგორც ძალადობის საგანი." მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულ აქტივისტ ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ გუშინ, 10 ნოემბერს, 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

კომენტარები