თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. ხაზარაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. პროცესი 27 მაისს გაიმართება.
ადვოკატები მოწმის სახით მომჩივანების, თეა წულუკიანის და კომისიის სხვა წევრების გამოკითხვას ითხოვდნენ, მოსამართლე ლევან გელოვანმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარის განცხადებით, წულუკიანმა ხაზარაძის კომისიაზე დაბარების გადაწყვეტილება "გასვლით სხდომაზე" მიიღო და შესაბამისად, ოფიციალური ოქმი არ არსებობს.
პროცესზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, მაგალითად, მოსამართლემ ერთ-ერთ იურისტს, ლევან სამუშიას მიმართა:
"ოჯახის დღე იყო გუშინ, თუ გუშინწინ. წესიერად მოიქეცით, ოჯახისშვილები ვართ. [...]
რა გვარი ბრძანდებით? სამუშია, მე გელოვანი ვარ და წესიერად მოიქეცით. [...] სამუშია რომ ხართ და ხმას უწევთ, ეს... რომ ვერ ხვდები, მიხვდი!" - თქვა მან. ინციდენტის შემდეგ დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
სწორედ სამუშიას განცხადებით, როდესაც დაბარება ხდება, უნდა არსებობდეს ოქმი სხდომის თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერით, ხოლო საქმეში მსგავსი დოკუმენტი და კენჭისყრის შედეგები არ არსებობს. მისივე თქმით, ხაზარაძე კომისიაზე ივანიშვილის პარლამენტის ტექნიკურმა თანამშრომელმა სოციალური ქსელის სიგნალის მეშვეობით მიიწვია.
მამუკა ხაზარაძემ მოსამართლეს ჰკითხა, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობენ კომისიის წევრები, რომ სასამართლოში მათ არ იბარებენ.
"ძალიან მარტივი კითხვაა: რატომ არის პრობლემა მეორე მხარის დაბარება, ისევე, როგორც მე ვარ ახლა აქ დაბარებული და რითი გამოირჩევიან ეს ადამიანები, კანონის რა შეღავათი აქვთ კანონთან მიმართებაში, რომ პირველი სხდომა, რომელიც ბადრი ჯაფარიძესთან იყო, იქაც იგივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ წულუკიანს ვერ იბარებთ. [...]
რა პრივილეგია აქვს ამ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს? [...]
კითხვა არის ძალიან მარტივი, თუ მე მიბარებთ და ბრალი უნდა წამიყენოთ, გადაწყვეტილება მიიღოთ ბრალთან დაკავშირებით, რა უპირატესობით სარგებლობს წულუკიანი, სოზარ სუბარი და კიდე ეს ხალხი და 6 საათი ვიხილავთ იმ თემას... [...] თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ გავლენის ქვეშ, თქვენ გეშიანიათ, რომ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ იმიტომ, რომ ამის გამო, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებთ საყვედურს" - თქვა ხაზარაძემ სასამართლოზე.
პროკურატურამ ხაზარაძეს ბრალდება 1 აპრილს წარუდგინა.
ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას გირაოს გადახდისთვის 30-დღიანი ვადა მისცა.
ცნობისთვის, გირაოს გადაუხდელობისთვის 14 მაისს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს.
კოალიცია ძლიერმა საქართველომ 9 მაისს წულუკიანის სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა, ამის შესახებ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უარი თქვა, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თავად თეა წულუკიანის გამოკითხვაზე.





