წულუკიანის კომისია

წულუკიანის კომისიის გამო აღძრულ საქმეზე წულუკიანს სასამართლოში არ გამოკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უარი თქვა, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამოა აღძრული, თავად თეა წულუკიანის გამოკითხვაზე. 

ჯაფარიძის ადვოკატმა, დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის და კომისიის წევრების მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართა.

დღეს, 19 მაისს, ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. პროკურატურამ მოითხოვა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დასაკითხ პირთა სიიდან წულუკიანის და კომისიის დანარჩენი წევრების ამორიცხვა.

ჯაფარიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხადა - "საქმეზე მთავარი მოწმეები ვინც უნდა იყვნენ, ვინც ადამიანს ედავებიან, ვის გამოც მათ ბრალი წარუდგინეს, ჰოი საოცრებავ, პროკურატურა გვეუბნება, რომ თურმე ეს ადამიანები მოწმის სახით არ უნდა იყვნენ დაკითხულნი. თუ სასამართლოს ოდნავ მაინც აქვს სურვილი სამართლიანობის, წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები მოწმის სახით არ დაიკითხონ".

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დაცვის მხარის შუამგდომლობა არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, შუამდგომლობა საკმარისად დასაბუთებული არაა. 

"ვერ დგინდება რა ინფორმაციის დადასტურებისთვის ან უარსაყოფად სჭირდებათ კონკრეტულად დაცვის მხარეს მითითებული მოწმეების დაკითხვა" - განაცხადა შვანგირაძემ.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 5 აპრილს შეუფარდეს.

კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლომ 2 აპრილს ასევე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა მამუკა ხაზარაძეს.

კომენტარები