წულუკიანის კომისია

ჯაფარიძე მოსამართლეს: კომისია გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოში, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საუბარია ჯაფარიძის მიერ წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების საფუძველზე აღძრულ საქმეზე.

ბადრი ჯაფარიძემ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს მიმართა, მისი თქმით, დანაშაულს არ აღიარებს, რადგან არ არსებობდა კანონიერი მოთხოვნა. გარდა ამისა, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კომისიას, რომელიც კანონის დარღვევითაა შექმნილი, ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისთვის იყენებს.

"პირდაპირ სახეზეა თანასწორობის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა კანონის მოთხოვნის. კანონით განსაზღვრული არის, პირდაპირ, იმპერატიულად, რომ საგამოძიებო კომისია მინიმუმ 50%-ით უნდა შედგებოდეს ოპოზიციონერი წევრებისგან. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამი წევრი თავისი რიგებიდან დანიშნა ქართულმა ოცნებამ, ეს იგივეა, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და თქვას, ის იცავდა ბრალდებულის უფლებებსო, ამავდროულად ორი ადგილი, რომელიც ვითომდა გამოყვეს სხვა პარტიისთვის, მან თქვა, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, გაყალბებული და არ მიიღებს მონაწილეობას მუშაობაში.

შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება არის საგამოძიებო კომისიაზე წარმოდგენილი, ამიტომ საგამოძიებო კომისია გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა, რომ მინიმუმ 50-% ოპოზიციის წევრებისგან უნდა შედგებოდეს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა

პარტიამ არ გამოიყენოს საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტებისადმი, სწორედ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ, რომელიც არის შექმნილი კანონის ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე. თვითონ უკანონოა პარლამენტი, უკანონოა კომისია და კანონის დარღვევით არის მიღებული ყველა გადაწყვეტილება მათ მიერ". - მიმართა ჯაფარიძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს. 

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლო სხდომაზე თეა წულუკიანი გამოიკითხოს. მოსამართლე შვანგირაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დაცვის მხარემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, რაც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა.

დღეს, 19 მაისს, ასევე გაიმართება კოალიცია ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესიც. 

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 5 აპრილს შეუფარდეს.

 კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლომ 2 აპრილს ასევე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა მამუკა ხაზარაძეს.

კომენტარები