Puff Daddy

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს სრულ ვიდეოს, რომელშიც PUFF DADDY მეგობარ გოგოზე ძალადობს

გამოცემა Telegraph-ის მიხედვით, აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს სრულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს შონ "Diddy" კომბსი [Puff Daddy]  მეგობარ გოგოზე კასანდრა ვენტურაზე [Cassie].  ვიდეო 16 წუთი გრძელდება. ინციდენტის ამსახველი ვიდეოს მოკლე ვერსია პირველად СNN-მა ერთი წლის წინ გაავრცელა.

ვიდეოში, რომელიც 2016 წლის 5 მარტით თარიღდება და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროშია ჩაწერილი, ჩანს რომ ვენტურა ოთახიდან გადის და ლიფტთან დგება, მოგვიანებით კი ოთახიდან Diddy გამორბის, რომელიც ქალს თავს ესხმის და ძირს აგდებს. ამის შემდეგ რეპერი მეგობარ გოგოს კიდევ ერთხელ ურტყამს, მისივე ნივთებს იატაკიდან იღებს და ძირს, უმოქმედოდ დავარდნილ ვენტურას კვლავ ესხმის თავს.

ვიდეოში ჩანს, რომ მოგვიანებით ვენტურა წამოდგომას ახერხებს და ტელეფონთან მიდის, თუმცა Diddy კვლავ ბრუნდება და მას თავს ესხმის.

ახლად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სართულზე, რომელზეც ინციდენტი მოხდა, ადის სასტუმროს დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ისრაელ ფლორენცი, რომელმაც სასამართლოზე ჩვენების მიცემის დროს თქვა, რომ Diddy-მ მისი მოსყიდვა სცადა, რათა მას მომხდარის შესახებ არაფერი ეთქვა. 

2023 წელს რეპერი გაუპატიურებაში ორმა ქალმა დაადანაშაულა. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი მეგობარი გოგო და მომღერალი კასანდრა ვენტურაა.

ვენტურამ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ქალის თქმით, კომბსმა ის გააუპატიურა, შემდეგ კი, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან სექსს აიძულებდა. Cassie ასევე უჩივის კომბსის კომპანიებს Bad Boy Entertainment, Bad Boy Records, Epic Records, Combs Enterprises, Combs Enterprises LLC. როგორც ვენტურა ამბობს, კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოაბრუნეს კომბსისგან გაქცევის შემდეგ.

საქმეში ასევე აღწერილია რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი ქალს არალეგალური იარაღის ჩანთით ტარებას და ნარკოტიკების მიღებას აძალებს. Cassie-ს თქმით, დაშორების შემდეგ, კომბსმა მისი ახალი მეგობარი კაცის, რეპერ Kid Cud-ის მანქანა ააფეთქა.

მეორე მბრალდებლის მიხედვით, შემთხვევა 1991 წელს, ნიუ-იორკში მოხდა. ქალი იხსენებს, რომ რეპერი რესტორანში შეხვდა, შემდეგ ნარკოტიკებით დაათრო და სასტუმროში წაიყვანა, სადაც გააუპატიურა. მისივე თქმით, მოგვიანებით გაიგო, რომ კომბსმა მისი გაუპატიურების ვიდეო გადაიღო, რომელიც რამდენიმე ადამიანმა ნახა.

კომბსის წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

კომენტარები