ბრიტანული გამოცემა BBC-ის ცნობით, შონ Diddy კომბსმა "შურისძიების მიზნით" გააუპატიურა ქალი, რომელმაც 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა
გამოცემის თქმით, მოსარჩელე ეშლი ფერჰემი კალიფორნიის პროკურატურაში შეტანილ სარჩელში ასევე ამბობს, რომ რეპერი მას "დანით სახის დასახიჩრებით" დაემუქრა.
Puff Daddy-ის აღნიშნულ ბრალდებაზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მუსიკოსი მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებას უარყოფს.
BBC-ის თქმით, აქამდე მუსიკოსმა ასევე უარყო 1996 წელს, ლას ვეგასში, თუფაქ შაკურის მკვლელობაში მისი მონაწილეობაც.
18 სექტემბერს Puff Daddy-მ სასამართლო მოსმენაზე განაცხადა, რომ ის ბრალდებებს უარყოფს და უდანაშაულოა.
შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს.
აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება.
შონ კობსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი იყო, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის, სავარაუდო მსხვერპლების უმეტესობა აფროამერიკელია, 120-დან მხოლოდ მესამედია თეთრკანიანი.





