ამერიკელი რეპერმა, შონ Diddy კომბსმა [Puff Daddy], რომლის წინააღმდეგ ტრეფიკინგთან დაკავშირებით ფედერალური გამოძიება დაიწყო, სასამართლოზე განაცხადა, რომ ბრალდებებს უარყოფს და თავს დამნაშავედ არ თვლის - ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Variety ავრცელებს.
Puff Daddy 2023 წელს სექსუალურ ძალადობაში ორმა ქალმა დაადანაშაულა, ხოლო გამოცემა CNN-ის გავრცელებული ინფორმაციით ის 16 სექტემბერს, მანჰეტენში, აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამოძიებათა სამსახურმა დააკავა.
Variety-ის ცნობით, ორსაათიან სასამართლო მოსმენაზე, შონ კომბსმა მხოლოდ ორი სიტყვა, “უდანაშაულო ვარ” თქვა.
პროკურორების მტკიცებით, კომბსს გირაოს სახით გათავისუფლება არ უნდა შეეფარდოს და ის უნდა დარჩეს პატიმრობაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე.
Puff Daddy-ის ადვოკატმა, მარკ აგნიფილომ მოსამართლეს მოუწოდა, რომ კომბსი $50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.
მოსამართლემ კომბსის გირაოს სახით გათავისუფლებაზე უარი თქვა - შესაბამისად, Puff Daddy ფედერალურ პატიმრობაში დარჩება რეკეტირებისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით.
18 მაისს, CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს შონ Diddy კომბსი, იმ დროს მის მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე [Cassie].
ვიდეოში, რომელიც გამოცემის ცნობით 2016 წლის 5 მარტით თარიღდება და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროშია ჩაწერილი, ჩანს რომ ვენტურა ოთახიდან გადის და ლიფტთან დგება, მოგვიანებით კი ოთახიდან Diddy გამორბის, რომელიც ქალს თავს ესხმის და ძირს აგდებს. ამის შემდეგ რეპერი მეგობარ გოგოს კიდევ ერთხელ ურტყამს, მისივე ნივთებს იატაკიდან იღებს და ძირს, უმოქმედოდ დავარდნილ ვენტურას კვლავ ესხმის თავს.
ვიდეოში ჩანს, რომ მოგვიანებით ვენტურა წამოდგომას ახერხებს და ტელეფონთან მიდის, თუმცა Diddy კვლავ ბრუნდება და მას თავს ესხმის. რამდენიმე წამში, რეპერი ჯდება და მეგობარი გოგოს მიმართულებით მაგიდიდან აღებულ ნივთს ისვრის.
2023 წელს რეპერი გაუპატიურებაში ორმა ქალმა დაადანაშაულა. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი მეგობარი გოგო და მომღერალი კასანდრა ვენტურაა.
ვენტურამ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ქალის თქმით, კომბსმა ის გააუპატიურა, შემდეგ კი, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან სექსს აიძულებდა. Cassie ასევე უჩივის კომბსის კომპანიებს Bad Boy Entertainment, Bad Boy Records, Epic Records, Combs Enterprises, Combs Enterprises LLC. როგორც ვენტურა ამბობს, კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოაბრუნეს კომბსისგან გაქცევის შემდეგ.
საქმეში ასევე აღწერილია რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი ქალს არალეგალური იარაღის ჩანთით ტარებას და ნარკოტიკების მიღებას აძალებს. Cassie-ს თქმით, დაშორების შემდეგ, კომბსმა მისი ახალი მეგობარი კაცის, რეპერ Kid Cud-ის მანქანა ააფეთქა.





