Puff Daddy

CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკში ამერიკელი რეპერი PUFF DADDY დააკავეს

ამერიკელი რეპერი, შონ Diddy კომბსი [Puff Daddy]
Gareth Cattermole / Getty Images

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი რეპერი შონ Diddy კომბსი [Puff Daddy], რომელიც 2023 წელს სექსუალურ ძალადობაში ორმა ქალმა დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ ტრეფიკინგთან დაკავშირებით ფედერალური გამოძიება დაიწყო, დაკავებულია. ამის შესახებ CNN-ს მისმა ადვოკატმა აცნობა.

საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ კომბსი, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკში წინა კვირიდან იყო, 16 სექტემბერს მანჰეტენში დააკავეს და და იგი აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამოძიებათა სამსახურმა აიყვანა.

ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის პროკურორის, დემიენ უილიამსის განცხადებით, დაკავება საბრალდებო ოქმის საფუძველზე მოხდა, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდება.

ამ დროისთვის ამერიკელი რეპერის წინააღმდეგ ბრალდებები და საქმის დეტალები უცნობია.

ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, კომბსის ჩაბარების საკითხზე სამართალდამცავ ორგანოებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ხოლო საბრალდებო ოქმი 16 სექტემბერს მიიღეს.

კომბსის ადვოკატების თქმით, რეპერი გამოძიებასთან თანამშრომლობდა, რასაც საბრალდებო ოქმი მოჰყვა და იგი "ბრალდებების მოლოდინში ნიუ-იორკში თავისი ნებით ჩავიდა". მისი გუნდის ამტკიცებს, რომ იგი უდანაშაულოა და, რომ მას "დასამალი არაფერი აქვს".

მიმდინარე წელს კომბსის წინააღმდეგ ტრეფიკინგთან დაკავშირებით აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურმა ფედერალური გამოძიება დაიწყო, რის ფარგლებშიც ლოს ანჯელესსა და მაიამიში რეპერის სახლები გაჩხრიკეს.

ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოს ერთ-ერთმა წყარომ CNN-თან განაცხადა, რომ ფედერალური გამოძიების საფუძველი რეპერის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელში წარდგენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებებია.

2023 წლის ნოემბრიდან დღემდე, ამერიკელი რეპერის წინააღმდეგ ათი სარჩელი აღიძრა, რომელთაგანაც ცხრაში მას სექსუალურ ძალადობაში ბრალს პირდაპირ სდებენ. CNN-ის ცნობით, ბრალმდებლები ფედერალურ გამომძიებლებს დაკითხვის მიზნით უკვე შეხვდნენ.


18 მაისს, CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს შონ Diddy კომბსი, იმ დროს მის მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე [Cassie].

ვიდეოში, რომელიც გამოცემის ცნობით 2016 წლის 5 მარტით თარიღდება და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროშია ჩაწერილი, ჩანს რომ ვენტურა ოთახიდან გადის და ლიფტთან დგება, მოგვიანებით კი ოთახიდან Diddy გამორბის, რომელიც ქალს თავს ესხმის და ძირს აგდებს. ამის შემდეგ რეპერი მეგობარ გოგოს კიდევ ერთხელ ურტყამს, მისივე ნივთებს იატაკიდან იღებს და ძირს, უმოქმედოდ დავარდნილ ვენტურას კვლავ ესხმის თავს.

ვიდეოში ჩანს, რომ მოგვიანებით ვენტურა წამოდგომას ახერხებს და ტელეფონთან მიდის, თუმცა Diddy კვლავ ბრუნდება და მას თავს ესხმის. რამდენიმე წამში, რეპერი ჯდება და მეგობარი გოგოს მიმართულებით მაგიდიდან აღებულ ნივთს ისვრის.

2023 წელს რეპერი გაუპატიურებაში ორმა ქალმა დაადანაშაულა. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი მეგობარი გოგო და მომღერალი კასანდრა ვენტურაა.

ვენტურამ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ქალის თქმით, კომბსმა ის გააუპატიურა, შემდეგ კი, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან სექსს აიძულებდა. Cassie ასევე უჩივის კომბსის კომპანიებს Bad Boy Entertainment, Bad Boy Records, Epic Records, Combs Enterprises, Combs Enterprises LLC. როგორც ვენტურა ამბობს, კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოაბრუნეს კომბსისგან გაქცევის შემდეგ.

საქმეში ასევე აღწერილია რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი ქალს არალეგალური იარაღის ჩანთით ტარებას და ნარკოტიკების მიღებას აძალებს. Cassie-ს თქმით, დაშორების შემდეგ, კომბსმა მისი ახალი მეგობარი კაცის, რეპერ Kid Cud-ის მანქანა ააფეთქა.

კომენტარები