არგენტინის უზენაესმა სასამართლომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არგენტინის ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ნაცისტური მასალებით სავსე ათეულობით ყუთი სასამართლოს სარდაფში აღმოაჩინა.
სასამართლოს განცხადების მიხედვით, სხვადასხვა დოკუმენტებითა და ნაცისტური პროპაგანდისტული მასალებით სავსე 83 ყუთი 1941 წლის ივნისში გერმანიის საელჩომ ტოკიოდან არგენტინაში გააგზავნა.
84 წლის წინ ამ გზავნილმა არგენტინის ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო, რომელიც შიშობდა, რომ ტვირთს არგენტინის ნეიტრალიტეტზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეეძლო.
მაშინდელი გერმანელი დიპლომატების მტკიცებების მიუხედავად, რომ ყუთები პირად ნივთებს შეიცავდა, არგენტინის საბაჟო ორგანოებმა შემთხვევით შერჩეული ხუთი ყუთი გახსნეს.
მათ ნაცისტური რეჟიმისგან გამოგზავნილი წერილები, ფოტოები, პროპაგანდისტული მასალა და გერმანიის ნაცისტური პარტიის ათასობით ბლოკნოტი აღმოაჩინეს. პროპაგანდისტული მასალების აღმოჩენის შემდეგ, ფედერალურმა მოსამართლემ მასალები გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლებს ჩამოართვა და საქმე უზენაეს სასამართლოს გადასცა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა ნაბიჯები გადადგა საქმის მიღების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ.
84 წლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მუზეუმისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს სასამართლოს თანამშრომლებმა ყუთები შემთხვევით აღმოაჩინეს.
"ერთ-ერთი ყუთის გახსნისას ვიპოვეთ მასალა, რომელიც არგენტინაში მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგიის გავრცელებას და დამკვიდრებას ისახავდა მიზნად" - განაცხადა სასამართლომ.
ამჟამად ყუთები უსაფრთხოების ზომებით აღჭურვილ ოთახში დროებითაა გადატანილი.
Reuters წერს, რომ ექსპერტები ყუთებში არსებულ მასალებს ჰოლოკოსტის ჯერ კიდევ უცნობი დეტალების აღმოსაჩენად გამოიკვლევენ.
არგენტინა მეორე მსოფლიო ომში 1944 წლამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. მომდევნო წელს მან გერმანიას და იაპონიას ომი გამოუცხადა.