გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, 23 ივნისს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ არგენტინის ეკონომიკა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით უკვე მეორე კვარტალია იზრდება და ამასთან, ეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს 2022 წლის შემდეგ.
მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.8%-ით გაიზარდა 2024 წლის იმავე კვარტალთან შედარებით.
ამას გარდა, Reuters-ის ცნობით, ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკაში გამოცოცხლება სამომხმარებლო დონეზეც შეინიშნება იმის გათვალისწინებით, რომ პირადი მოხმარება ერთი წლის განმავლობაში 11.6%-ით გაიზარდა.
არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ X-ზე მონაცემებს, ერთი მხრივ, "შესანიშნავი" უწოდა, თუმცა, მეორე მხრივ, ის საჯარო სექტორში მოხმარების ვარდნისთვის ყურადღების დათმობის გამო გააკრიტიკა.
ამას გარდა, Reuter აღნიშნავს, რომ წინა კვარტალთან შედარებით არგენტინის მშპ პირველ კვარტალში 0.8%-ით გაიზარდა, სეზონურად გასწორებული მაჩვენებლის მიხედვით, რაც სტატისტიკიდან პროგნოზირებადი სეზონური კომპონენტების ამოღებას გულისხმობს. ასევე, 7.2%-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის თქმით პირველი კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ხოლო ქვეყანაში იმპორტმა 42.8%-ით იმატა.
არგენტინის ეკონომიკამ 2024 წლის მეორე ნახევარში რეცესია გამოიარა და ცენტრალური ბანკის პროგნოზის მიხედვით, ანალიტიკოსები მიმდინარე წელს მშპ-ს 5.2%-იან ზრდას მოელიან.





