დღეს, 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმის განხილვა 14 მაისს, მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. საქმეს მოსამსართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო მტკიცებულებების განხილვასა და მოწმეთა გამოკითხვის ეტაპზე გადავიდა. გამოიკითხნენ ბრალდების მხარეს მოწმეები, 5 მოწმე პოლიციელი, მათ შორის, პირები, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მოწმე პოლიციელებმა სასამართლოს მსგავსი ჩვენება მისცეს, კერძოდ, ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ არ დაუნახავთ ან არ ახსოვთ, კონკრეტული პირები, რომლებმაც მათი მიმართულებით დაზიანების გამომწვევი საგნები ისროლეს.
დღევანელ სხდომაზე პროკურატურის პირველი მოქმე, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი, გივი წიქორიძე იყო. დღევანდელი პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ გივი წიქორიძე იგივე დაზიანებაზე, სხვა სისხლის სამართლის საქმეშიცაა დაზარალებულად ცნობილი.
წიქორიძის განცხადებით, არ დაუნახავს პირი, რომელმაც მისი მიმართულებით პიროტექნიკა ისროლა.

წიქორიძის შემდეგ დაიკითხა მოწმე პოლიციელი, გელა გულორდავა, რომელიც ირაკლი მიმინოშვილის დაკავების პროცესსა და მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაში მონაწილეობდა.

გულორდავას შეკითხვები დაუსვა ბრალდებულმა ირაკლი მიმინოშვილმაც - "სახლში რომ მოხვედით, ჩემთან, რამე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ გაგიკეთებიათ?" - ჰკითხა მიმინოშვილმა გულორდავას და მისი სახლის ჩხრეკის პროცესი გაიხსენა. მიმინოშვილის თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი, მას ნეკნებში ხელს უჭერდა.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხა ასევე დეტექტივი, გიორგი ზაბახიძე, საქმეში მასაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.
ზაბახიძემ სხდომაზე თქვა, რომ 28 ნოემბრის აქციაზე, მარჯვენა თვალში მიიღო დაზიანება, მოხვდა ქვა. თუმცა, მისი თქმით არ დაუნახავს ის პირი, ვისმა ნასროლმა ქვამაც მხედველობა დაუზიანა.

გიორგი ზაბახიძის დაზიანების შესახებ, ინფორმაცია შსს-მ 16 აპრილს გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, გიორგი ზაბახიძემ "ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა". შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 აპრილის განცხადების თანახმად, "დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის".
საქმეზე ბოლო მოწმე პოლიციელი ვასილ ბასილაძე იყო, რომელიც ასევე დაზარალებულადაა ცნობილი. მისი განცხადებით, თავში ქვა მოხვდა, მიიღო დაზიანება და შრამი ახლაც ეტყობა. ბასილაძის განცხადებით, ვერ დაინახა პირი, რომელმაც მისი მიმართულებით ქვა ისროლა, თუმცა "დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან იყო ნასროლი".

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





