დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ჰეგსეთმა პენტაგონს უფროსი გენერლების რიცხვის 20%-ით შემცირება უბრძანა

პიტ ჰეგსეთი
NPR

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს არმიის მასშტაბით ოთხვარსკვლავიანი გენერლებისა და ადმირალების რიცხვის, სულ მცირე, 20%-ით შემცირება უბრძანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჰეგსეთის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმზე დაყრდნობით ავრცელებს

CNN-ის ცნობით, 2023 წლის მონაცემებით, აშშ-ს არმიაში სულ 37 ოთხვარსკვლავიანი გენერალი და ადმირალი იყო. 

ჰეგსეთის მემორანდუმი პენტაგონს ასევე ავალებს ეროვნულ გვარდიაში გენერალური ოფიცრების რიცხვის 20%-ით, ხოლო მთლიან არმიაში გენერალური ოფიცრებისა და ადმირალების 10%-ით შემცირებას. არმიაში იმ  გენერალური ოფიცრებისა და ადმირალების რიცხვი, რომლებსაც ერთი ვარსკვლავი ან მეტი აქვთ მინიჭებული, დაახლოებით 900-ს შეადგენს. 

მემორანდუმში ჰეგსეთი წერს, რომ "კრიტიკული" ნაბიჯია "ჭარბი ძალოვანი სტრუქტურის ჩამოცილება, რათა  გენერალური ოფიცრებისა და ადმირალების პოზიციების შემცირებით ლიდერობის ოპტიმიზაცია და გამარტივება მოხდეს".

როგორც CNN წერს, პენტაგონი მომსახურე პერსონალის შემცირებას რამდენიმე ხანია გეგმავს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ფარგლებში, შემცირდეს ფედერალური ბიუროკრატია. 

ეს ძალისხმევა, გამოცემის ცნობით, პოტენციურად ითვალისწინებს აშშ-ს არმიის სხვადასხვა სარდლობების კონსოლიდაციასაც, მაგალითად ევროპული და აფრიკული სარდლობების. 

ჰეგსეთს თანამდებობაზე დანიშვნამდეც უთქვამს, რომ ის ფიქრობდა, რომ არმიაში ზედმეტად ბევრი უფროსი გენერალი იყო. გასულ წლის ზაფხულში, ერთ-ერთ პოდკასტში ჰეგსეთმა თქვა, რომ აშშ-ს არმიის უფროსი ოფიცრების დაახლოებით მესამედი, მისი აზრით, "აქტიურად იყო ჩართული" არმიის პოლიტიზებაში. 

ცნობისთვის, ზემოხსენებული ძალისხმევის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თებერვალში აშშ-ს საჰაერო თავდაცვის ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლა.

კომენტარები