აზერბაიჯანის პარლამენტის ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კომისიის თავჯდომარე, რამიდ ნამაზოვი აზერბაიჯანულ მედიაზე კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს.
ნამაზოვის მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 თებერვალს მომხდარი კიბერთავდასხმების უკან ჯგუფი სახელწოდებით APT29 დგას, რომელიც რუსულ დაზვერვასთანაა დაკავშირებული.
"APT29-ის ქმედებები, რომელიც დაკავებულია კიბერჯაშუშობით, ძირითადად მიმართულია სამთავრობო სააგენტოების, უცხოური დიპლომატიური მისიების, ასევე, პოლიტიკის, თავდაცვის, ენერგიის, მედიისა და სხვა კრიტიკული სფეროების წინააღმდეგ" – ამბობს ნამაზოვი.
დეპუტატის მიხედვით, კიბერთავდასხმები, სავარაუდოდ, რუსეთის პასუხია ბაქოში რუსული სახლის დაკეტვაზე. აზერბაიჯანმა რუსეთს 3 თებერვალს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქოში მდებარე ოფისი არ არის იურიდიულ პირად რეგისტრირებული, რაც კანონდარღვევაა.
ასევე, 24 თებერვალს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik Azerbaijan დაიხურა.





