საგარეო საქმეთა სამინსიტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ.
უწყების ცნობით, რეფორმის შედეგად შეიქნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს.
"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას". - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.
კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ, კოალიციის ინფორმაციით, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატის გაუქმებას და ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.
ცნობისთვის, ივანიშვილის წარმომადგენელი, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციას იწყებს.
ბოჭორიშვილის მიერ უწყების თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო უწყების რეფორმაზე.
რეფორმის მიხედვით, გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ; ამოქმედდება საქართველოს არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი; გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები; შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს.
ბოჭორიშვილის წერილის თანახმად, რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდება რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
თანამშრომლებმა უკვე მიიღეს, სტრუქტურული სქემა და რეორგანიზაციის ბრძანება.





