კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ, კოალიციის ინფორმაციით, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატის გაუქმებას და ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.
გეგელიას ცნობით, ევროპული დირექტორატის გაუქმებასთან ერთად, ქართული ოცნება, პოლიტიკურ წმენდას იწყებს საგარეო საქმეთა სამინისტროში, "ათავისუფლებენ 250 ადამიანს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება შემდგომი წმენდა და სამინისტროს თანამშრომლების 30-40% შემცირება".
"მსურს საზოგადოებას გავაცნო საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გუშინ ღამით გახდა ცნობილი. ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს!
ამ მოქმედებით, ბოროტმოქმედმა რეჟიმმა უკვე ფორმალურად, დეკლარირებულად განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს ამ საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს და შესაბამისად, აღარ იმსახურებს დირექტორატის დონის სტრუქტურულ ერთეულს სამინისტროში. ეს ფაქტი არის ევროპული გზის ოფიციალურად და დეკლარირებულად გაჩერება. არავითარი მზადება და არავითარი 2030 წელს სადმე შესვლა, ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია.
ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებას კურირებდა და მართავდა "სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" - "ქოცებმა" ჯერ ეს უმაღლესი სტრუქტურა გააუქმეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში "ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი" შექმნეს და ახლა უკვე ამასაც აუქმებენ, რაც ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი დიდი კრახი და ერთ დროს უმნიშვნელოვანესი სამინისტროს მოსპობის მცდელობაა!
"ევროპული დირექტორატის" გაუქმებასთან ერთად, ქართული ოცნება, მისი თვითგამოცხადებული მინისტრის ხელით, პოლიტიკურ წმენდას იწყებს სამინისტროში! სამინისტროდან ათავისუფლებენ 250 ადამიანს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება შემდგომი წმენდა და სამინისტროს თანამშრომლების 30-40% შემცირება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 წლის განმავლობაში პირველად ტარდება ამ მასშტაბის და ამ კალიბრის რეორგანიზაცია. ე. წ. მინისტრის მიერ წამოწყებული რეორგანიზაცია, რაც სინამდვილეში პოლიტიკური რეპრესიებია.
სამინისტროდან ათავისუფლებენ ასობით თანამშრომელს, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ამ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაიცვეს საკუთარი სამშობლო, ეროვნული ინტერესი, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ხალხის მიერ ისტორიულად დეკლარირებული საგარეო კურსი - სწორედ ხელმოწერის პასუხად, ბოროტმოქმედი რეჟიმის ვასალმა, ბოჭორიშვილმა, გამოაცხადა ბართლომეს ღამე ქართული საგარეოს სამსახურის წინააღმდეგ.
ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ღიად ჩადგა მტრის ინტერესების გატარების სამსახურში, რომლის დროსაც საქართველომ დაკარგა ყველაზე მეტი სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე მეტი დაფინანსება, ყველაზე მეტი მოკავშირე და ყველა ის შანსი და შესაძლებლობა, რაც ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენ, ქართველ ხალხს ისტორიულად ჰქონდა მოპოვებული.
საგარეო სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის პარლამენტში, თავდაცვის სამინისტროში და სხვა, უკვე გათავისუფლებულია ჯამში 900-ზე მეტი კეთილსინდისიერი, პატრიოტი საჯარო მოხელე.
მინდა თითოეულმა პირმა, ვისაც დღეს რუსული რეჟიმის რეპრესია შეეხო იცოდეს, რომ სულ მალე ეს რეჟიმი დამარცხდება, ხოლო მათი ცოდნა, კომპეტენცია და პატრიოტული შემართება, ჩვენს ქვეყანას მუდამ დასჭირდება. ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუყოვნებლივ დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს!" - თქვა გეგელიამ.
ცნობისთვის, ივანიშვილის წარმომადგენელი, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციას იწყებს.
ბოჭორიშვილის მიერ უწყების თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო უწყების რეფორმაზე.
რეფორმის მიხედვით, გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ; ამოქმედდება საქართველოს არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი; გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები; შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს.
ბოჭორიშვილის წერილის თანახმად, რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდება რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
თანამშრომლებმა უკვე მიიღეს, სტრუქტურული სქემა და რეორგანიზაციის ბრძანება.





